საქალაქო სასამართლო: ანა დოლიძის სარჩელი იყო უსაფუძვლო და არ დაკმაყოფილდა

“საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლომ მიიჩნია, რომ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის სარჩელი იყო უსაფუძვლო“, – ამის შესახებ ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ანა დოლიძის სარჩელთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.
როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ანა დოლიძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო განცხადებაში განმარტავს, თუ რატომ არ დაკმაყოფილდა აღნიშნული სარჩელი.
„თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ანა დოლიძის სარჩელი მოპასუხე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ.
მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენდა 2018 წლის 6,7,8 თებერვალს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესიდან 14 მოსამართლის მიერ გაცხადებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსარჩელის აცილების თაობაზე საბჭოს მიერ მიღებული განკარგულებების კანონიერების საკითხი.
საქმე ეხება, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ანა დოლიძის მხრიდან საჯარო სივრცეში გამოთქმულ მოსაზრებებს მოსამართლეთა და სასამართლო სისტემის მიმართ.
აღნიშნული, კონკურსში მონაწილე 14 მოსამართლის მიერ მიჩნეულ იქნა მოსარჩელის მხრიდან წინასწარ ჩამოყალიბებულ და გაცხადებულ პოზიციად, რაც გახდა ანა დოლიძის აცილების თაობაზე მოსამართლეთა შუამდგომლობის საფუძველი, რომელიც დაკმაყოფილდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ.
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი იყო უსაფუძვლო, ვინაიდან მოსარჩელის მიერ გავრცელებული განცხადებები ობიექტურ დამკვირვებელს უჩენდა საფუძვლიან ეჭვს ანა დოლიძის მიუკერძოებლობაში, ხოლო სადაო გადაწყვეტილებები სრულ შესაბამისობაში იყო ორგანულ კანონთან ‘’საერთო სასამართლოების შესახებ’’, ასევე სადაო ურთიერთობის მარეგულირებელ მოქმედ კანონმდებლობასთან“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები