პროკურატურა, 21 წლის მამაკაცის განცხადებაზე, სადაც ის ძალოვნებს ძალადობაში ადანაშაულებს, რეაგირებას მოახდენს

მთავარი პროკურატურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც „კვირას“ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურიდან აცნობეს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სადაც 21 წლის ახალგაზრდა სენაკში პოლიციის რამდენიმე თანამშრომელს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს, პროკურატურა სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.
„ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ქალაქ სენაკში, ძარცვაში ბრალდებული პირები, გ.ჭ. და ხ.პ. პოლიციის ცალკეულ თანამშრომლებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებენ. აღნიშნული ინფორმაცია აქამდე არ ყოფილა ცნობილი საქართველოს პროკურატურისთვის, ბრალდებულებს რაიმე სახის ზეწოლის შესახებ არაფერი უთქვამთ სასამართლო პროცესებზე, ასევე არ მომხდარა არანაირი ოფიციალური შეტყობინება. მიუხედავად ამისა, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე საქართველოს პროკურატურა მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“, – აცხადებენ პროკურატურაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ტელეკომპანია „რუსთავი-2“ – თან საუბარში, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, რომელიც ყაჩაღობაშია ბრალდებული, განაცხადა, რომ დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია, „სასტიკი ზეწოლის და ძალადობის მუქარის შემდეგ აღიარა“.
მისივე თქმით, 6-საათიანი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ, იძულებული გახდა ეღიარებინა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები