„ახალგაზრდა ადვოკატები“ როლანდ ბლადაძის საქმეზე სახელმწიფოსთან მორიგების პროცესის დეტალებს ასაჯაროვებს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სახელმწიფოსთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან, მოქალაქე როლანდ ბლადაძის სადავო, ჩამორთმეულ ქონებაზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დავალების საფუძველზე, მორიგების წინადადებასთან დაკავშირებით წარმოებული მოლაპარაკების პროცესზე, პირობებსა და შედეგებზე, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებისთვის განცხადებას ავრცელებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის საოქმო განჩინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 23 თებერვლამდე, დაევალა მხარეთა შორის მორიგების შესაძლებლობასთან დაკავშირებით პოზიციის წერილობით წარმოდგენა. ამასთან, მორიგების შესაძლებლობასთან დაკავშირებით დადებითი პოზიციის შემთხვევაში, მორიგების პირობების წერილობითი ფორმით წარმოდგენა, ამასთან, საქართველოს უზენაეს სასამართლოში შესაბამისი უფლებამოსილი პირის მოვლენა.

2018 წლის 19 თებერვლის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს #04/1305 წერილით, მიღებული განჩინების საფუძველზე, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ეცნობა, რომ სამინისტრო როლანდ ბლადაძესთან მორიგების პირობად განიხილავდა ალტერნატიული ფართის გადაცემას. სამინისტროს წერილი საქართველოს უზენაეს სასამართლოში რეგისტრირდა 2018 წლის 21 თებერვალს.

2018 წლის 22 თებერვალს, როლანდ ბლადაძის წარმომადგენელი ტელეფონით ესაუბრა სამინისტროს და გამოთქვა მზადყოფნა წერილის წარმოდგენილი პირობის შინაარსობრივი მხარის განხილვასა და სამინისტროსთან შეხვედრის საჭიროებაზე. 23 თებერვალს, მხარეთა შორის კვლავ შედგა სატელეფონო კომუნიკაცია და შეთანხმება იმის შესახებ, რომ შეხვედრა შედგებოდა 26 თებერვალს.

როლანდ ბლადაძის წარმომადგენელი, ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი, ორგანიზაციის მთავარ იურისტთან ერთად, 26 თებერვალს შეხვდა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსს, ოთარ იაშაღაშვილს, სადაც საუბარი შეეხო შემდეგ გარემოებებს, საკითხებსა და სადავო საკითხების შინაარსობრივ განმარტებებს. კერძოდ, როგორც შეხვედრაზე როლანდ ბლადაძის წარმომადგენლისთვის დაზუსტდა და განიმარტა:

  • სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამდა როლანდ ბლადაძეს ალტერნატიული ფართი გადასცემოდა სახელმწიფოს სახელზე რიცხული იმ უძრავი ქონებიდან, რომელიც შეიძლება საქართველოს ტერიტორიაზე ყოფილიყო ბინა ან/და სახლი ან/და მიწის ნაკვეთი ან/და საოფისე ფართი ან/და ქარხანა (სტილი დაცულია).
  • სამინისტროს პოზიციით, ალტერნატიული ფართის მოძიება უნდა მომხდარიყო ელექტრონული ბაზაში დაცული ინფორმაციის მიხედვით, სადაც უძრავი ქონების ადგილმდებარეობა, თავიდანვე მითითებული ვერ იქნებოდა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი როლანდ ბლადაძეს სურდა ქ. ბათუმში, ქ. თბილისში ან/და სხვა რომელიმე ტერიტორიულ ერთეულში ალტერნატიული ფართი, ეს სურვილი დამოკიდებული იქნებოდა უძრავი ქონების რეესტრში დაცულ ინფორმაციასთან და წინასწარ შეუძლებელი იქნებოდა განჭვრეტა, ნამდვილად იქნებოდა თუ არა აღნიშნული ქონებები როლანდ ბლადაძის იურიდიული ინტერესის შესაბამისად, ან ქ. ბათუმში ან/და ქ. თბილისში (სტილი დაცულია).
  • სამინისტროს პოზიციით, როლანდ ბლადაძის მიმართ ალტერნატიული ფართის გადაცემის საზომად და განმსაზღვრელად არ იქნებოდა მიჩნეული ჩამორთმეული ბინის 277.91 კვ.მ-ის პროპორციული ალტერნატიული ფართი. სამინისტროს განმარტებით, როლანდ ბლადაძეს ბაზაში დაცული უძრავი ქონებებიდან უნდა დაესახელებინა (აერჩია) მხოლოდ 205000 ლარის ღირებულების შესატყვისი ქონება. სამინისტრომ ასეთი პირობის სამართლიანობის საფუძვლად მიუთითებდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2004 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებას, სადაც საცხოვრებელი ბინა ქ. ბათუმში, ერას ქ. #37, ბ.8, შეფასებულ იქნა 205000 ლარის ღირებულებად. სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის პოზიციით, აღნიშნული პირობა არ ექვემდებარებოდა გადახედვას.
  • სამინისტროს პოზიციით, როლანდ ბლადაძის მიმართ ალტერნატიული ფართის გადაცემა მოხდებოდა სიმბოლურ ფასად – 1 ლარად, საკითხის იურიდიული დოკუმენტაციის უზრუნველყოფისთვის საჭირო იქნებოდა 1 თვე, რა ვადაშიც, სამინისტრო მოახდენდა ქონების გადაცემას როლანდ ბლადაძისთვის, ხოლო როლანდ ბლადაძის ვალდებულებას წარმოადგენდა საკასაციო საჩივარზე უარის თქმა და შეთანხმების გაფორმება სახელმწიფოსთან, ყოველგვარი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ, როგორც ეროვნული დონის, ასევე საერთაშორისო სასამართლოებში.
  • სამინისტროს პოზიციით, როლანდ ბალდაძეს არ გადაეცემოდა 205000 ლარი უნაღდო ანგარიშსწორების სახით.

2018 წლის 26 თებერვალს, სამინისტროს პოზიცია უშუალოდ ეცნობა როლანდ ბლადაძეს, რომელმაც ითხოვა გარკვეული გონივრული დრო საკითხის ოჯახურ გარემოში განხილვის გამო.

 2 მარტს, როლანდ ბლადაძის დაზუსტებული წერილობითი პასუხი ალტერნატიული ფართის გადაცემასთან დაკავშირებით, ეცნობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. მიღებული ინფორმაციის ანალიზის, მომავალი ალტერნატიული ფართის ტიპის, ადგილმდებარეობისა და ღირებულების შეფასების გათვალისწინებით, ამასთან, მორიგების წინადადების სამართლიანი პრინციპებიდან გამომდინარე, როლანდ ბლადაძეს მიაჩნდა, რომ სამინისტროს პოზიცია, ალტერნატიული ფართის სანაცვლოდ, მიეღო 205000 ლარის ღირებულების ნებისმიერი სახის უძრავი ნივთი (ბინა ან/და სახლი ან/და მიწის ნაკვეთი ან/და საოფისე ფართი ან/და ქარხანა), ვერ აწონასწორებდა იმ ქონებრივ და არაქონებრივი ხასიათის ზიანს და სახელმწიფოს მხრიდან მისი ღირსეული კომპენსაციის უზრუნველყოფას, რომელიც ობიექტურად იდგა სახეზე და გამომდინარეობდა მოქალაქის მიმართ სახელმწიფოს მიერ ევროკონვენციით გათვალისწინებული დაცული უფლებების დარღვევაში.

როლანდ ბლადაძის სადავო ქონება წარმოადგენდა 277.91 კვ.მ, რომლის ღირებულებაც, გიორგი პაპუაშვილსა და გიორგი ლევიძეს შორის დადებული 2015 წლის 17 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზეც კი, შეფასებულ იქნა 195 ათას აშშ დოლარად. ქ. ბათუმში, გორგილაძის ქ. #37-ში მდებარე სადავო ფართი, მისი საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე, გაცილებით მეტ თანხას შეადგენდა. შესაბამისად, მხარეს მიაჩნდა, რომ მორიგების ღირსეული პირობა ვერ იქნებოდა 205000 ლარის ღირებულების ნებისმიერი სახის უძრავი ნივთი.

როლანდ ბლადაძის პოზიციით, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მორიგების პირობა – როლანდ ბლადაძის მიმართ ალტერნატიული ფართის გადაცემა მისი მახასიათებლიდან გამომდინარე, უნდა დადგენილიყო არა წარსულში არსებული სადავო ქონების ასევე სადავო ღირებულებით, არამედ ქონების დღევანდელი საბაზრო ღირებულების მიხედვით, საექსპერტო დასკვნის საფუძველზე. შესაბამისად, როლანდ ბლადაძეს ალტერნატიული წინადადებით მიმართა სამინისტროს:

  1. ჩატარებულიყო ექსპერტიზა და დადგინილიყო სადავო ქონების, მდებარე: ქ. ბათუმი, ზ. გორგილაძის ქუჩა #37, ბ. 8, საბაზრო ღირებულება 2018 წლის მარტის თვის მდგომარეობით;
  2. სადავო ქონების 2018 წლის მარტის მდგომარეობით არსებული საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, როლანდ ბლადაძეს გადასცემოდა, როგორც ალტერნატიული ფართი, საცხოვრებელი ბინა არანაკლებ 277,91 კვ.მ-ისა, მდებარე ქ. ბათუმში. განმარტება: საბაზრო ღირებულებისა და სადავო ბინის ფართის გათვალისწინებით, მხარე დასაშვებად მიიჩნევდა, რომ ალტერნატიული ფართი ყოფილიყო ორი უძრავი ქონება (ბინა), მდებარე, როგორც ქ. ბათუმში ან/და ქ. თბილისში.
  3. როლანდ ბლადაძე, ზ/აღნიშნული პირობების გაზიარებისა და მასზე შეთანხმების შედეგად, უარს იტყოდა სახელმწიფოს მხრიდან მიყენებული ქონებრივი და არაქონრბრივი ზიანის სამომავლოდ მოთხოვნაზე, როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო სასამართლოებსა და არბიტრაჟებში.
  4. როლანდ ბლადაძის მიმართ გადაცემული ალტერნატიული ფართი უნდა ყოფილიყო საცხოვრებლად ვარგისი, უნაკლო და ვალდებულებებისგან თავისუფალი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, როლანდ ბლადაძის წერილობით პირობებთან დაკავშირებით, ეთხოვა გამოხმაურება 2018 წლის 6 მარტის მდგომარეობით.  იმ შემთხვევაში, თუკი არ მოხდებოდა მოცემულ ვადაში სამინისტროს თანხვედრი პოზიციის წარმოდგენა, მორიგების წარმოდგენილ წინადადებას მხარე მხარს აღარ დაუჭერდა. იმ შემთხვევაში, თუკი სამინისტრო საფუძვლიანად განიხილავდა წარმოდგენილ წინადადებას, როგორც სამართლიან, ობიექტურ და ღირსეულ პირობას, 6 მარტის მდგომარეობით, როლანდ ბლადაძე მოითხოვდა დამატებით შეხვედრას და ამ შეხვედრაზე არანაკლებ 277.91 კვ.მ ალტერნატიული ფართების გაცნობას. იმ შემთხვევაში, თუკი მხარე მიიჩნევდა, რომ სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ალტერნატიული ფართი იქნებოდა ადეკვატური და შეესაბამებოდა მხარის იურიდიულ ინტერესს, ამასთან, იძლეოდა შესაძლებლობას დანიშნულიყო ექსპერტიზა, როლანდ ბლადაძე მიმართავდა განცხადებით სასამართლოს, მორიგების წინადადების სერიოზულობის გამო, სხდომის გადადების თაობაზე.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, საქმის მორიგებით დასრულების შესაძლებლობას, რამდენიმე სხდომა მიუძღვნა. 2018 წლის 4 აპრილის სხდომაზე, სასამართლომ აღნიშნა, რომ გაეცნო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ როლანდ ბლადაძის მიმართ ალტერნატიული ქონების შეთავაზების პირობებს და როლანდ ბლადაძის მხრიდან წარმოდგენილ ობიექტების მიღებაზე უარის თქმის მიუხედავად, კვლავ რჩებოდა შესაძლებლობა, მხარეებს კიდევ ერთხელ მოეხდინათ საკუთარი პოზიციების შეჯერება.

სასამართლომ მიიღო ინფორმაცია, რომ როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული ბინის სანაცვლოდ, სახელმწიფო თანახმა იყო დაზარალებულს არასაცხოვრებელი ფართი გადსცემოდა ქ. ბათუმში ან ქ. თბილისში, თუმცა როლანდ ბლადაძემ წარმოდგენილი ობიექტების ადგილზე დათვალიერების შემდეგ, პირველ ეტაპზე, უარი განაცხადა ალტერნატიული ფართის მიღებაზე – თბილისში შემოთავაზებული ალტენატიული ფართი წარმოადგენდა შავი კარკასის მდგომარეობით, შენობას არ გააჩნდა კომუნიკაციები, არ არის მიღებული ექსპლუატაციაში, ხოლო ბათუმში შემოთავაზებული არასაცხოვრებელი ფართი წარმოადგენდა მხოლოდ კომერციული ინტერესებისთვის საინტერესოს. ამასთან, ეს უკანსაკნელი განეკუთვნებოდა სტიგმატიზირებულ ქონებათა რიცხვს, ვინაიდან გამოიყენებოდა მიცვალებულთა სასახლეების საამქროდ. როლანდ ბლადაძეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, რომ სახელმწიფოს მეტი თავისუფალი უძრავი ქონება არ გააჩნდა, რის გამოც, მხოლოდ წარმოდგენილ ფართებზე უნდა ეფიქრა.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, მორიგების პროცესის მიმდინარეობის დეტალური გაცნობის შედეგად და წარმოდგენილი პოზიციების მიუხედავად, მიიჩნია, რომ მხარეთა შორის კვლავ რჩებოდა დავის მორიგებით გადაჭრის შესაძლებლობა. შესაბამისად, პალატამ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება, სხდომაზე გამოაცხადა შესვენება, დარბაზი გამოთავისუფლდა დამსწრე პირებისგან, როლანდ ბლადაძის ადვოკატისგან და მედიის წარმომადგენლებისგან და მორიგების საკითხებთან დაკავშირებით, პალატამ მოისმინა პროცესის მონაწილეების პოზიციები.

2018 წლის 12 აპრილის სასამართლო სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სადავო ქონების საბაზრო ღირებულების დადგენაზე. სასამართლომ სადავო ქონების ამჟამინდელ მესაკუთრე გიორგი პაპუაშვილს დაავალა ექსპერტის სადავო ფართში თავისუფალი დაშვების უზრუნველყოფა და აღნიშნა, რომ სასამართლო ამ საკითხზე შეგნებულად არ იღებდა საოქმო განჩინებას და იმედოვნებდა, რომ გიორგი პაპუაშვილი ხელს არ შეუშლიდა საექსპერტო დასკვნის მომზადების პროცესს. ამასთან, სასამართლომ მოისმინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლის პოზიციები, რომელიც ეხება როლანდ ბლადაძის მიმართ ალტერნატიული ფართების – ქ. ბათუმსა და ქ. თბილისში უფლებრივ მდგომარეობას. სამინისტრომ წარმოადგინა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 11 აპრილის წერილი, რომლის მიხედვითაც აღნიშნულია, რომ ქ. თბილისში, ნ. ჟვანიას ქ. #10-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულების თარიღად განსაზღვრულია 2018 წლის 10 აპრილი და დამკვეთმა ექსპლუატაციაში მიღების მოთხოვნით უფლებამოისლ ორგანოს უნდა მიმართოს ამ ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 6 თვისა. სწორედ აღნიშნულ მისამართზე მდებარეობს სახელმწიფოს მიერ როლანდ ბლადაძისთვის შეთავაზებული ალტერნატიული ფართი, შავი კარკასის მდგომარეობით.

2018 წლის 26 აპრილის მდგომარეობით, სასამართლოსთვის სიახლეს წარმოადგენდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2018 წლის 20 აპრილის დასკვნა, რომელიც თანახმადაც, ქ. ბათუმში, ზ. გორგილაძის ქუჩა #37, ბინა #8-ში მდებარე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული უძრავ ქონების – 277.91 კვ.მ. ფართის საბაზრო ღირებულებამ აპრილის თვის მდგომარეობით, შეადგინა 473 559 ლარი, ხოლო იგივე ქონება ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ფოტომასალებში ასახული რემონტის გათვალისწინებით – 497 459 ლარი. ამასთან, სამინისტროს მიერ წარმოდგენილ იქნა როლანდ ბლადაძის მიმართ შეთავაზებული ალტერნატიული ფართების საბაზრო ღირებულების საექსპერტო დასკვნებიც. კერძოდ, კომერციული ფართი 171 კვ.მ მდებარე ბათუმში შეფასებულ იქნა 520 353 ლარის ოდენობით, სამი ბინა შავი კარსაკის მდგომარეობით, მდებარე ქ. თბილისში ნინო ჟვანიას (ყოფილი კეკელიძე) ქუჩაზე შემდეგი მონაცემებით –  165 კვ.მ ფართით (მე-11 სართული) 261 512 ლარის ოდენობით, 252 კვ.მ. ფართით 399 866 ლარის ოდენობით და 160 კვ.მ. ფართით 261 512 ლარის ოდენობით (მე-12 სართულზე).

სამინისტროს პოზიციით, ვინაიდან ქონების ჩამორთმევის დროს რეგისტრირებულ მონაცემებში დაფიქსირებულია 215 კვ.მ ფართი, შეთანხმებაც უნდა მომხდარიყო აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით და მისი საბაზრო ღირებულების დადგენის საფუძველზე. ამასთან, სამინისტრომ აღნიშნა, რომ როლანდ ბლადაძის მიმართ მეტი კვადრატული მეტრი ფართის გადაცემის შემთხვევაში, უნდა ანაზღაურებულიყო სხვაობა და დაუშვა ის გარემოებაც, რომ თავად მოახდენდა ალტერნატიული ფართების გასვისებას და როლანდ ბლადაძის მიმართ ფულადი სახით 497 459 ლარის გადაცემას.

როლანდ ბლადაძის განცხადებით, სახელმწიფოს უკანონო მოქმედებების შედეგად მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი გაცილებით მეტია, ვიდრე ჩამორთმეული ქონების დღევანდელი საბაზრო ღირებულება. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებული უარს ამბობდა სახელმწიფო მიმართ ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ორგანოებში ყოველგვარ სარჩელზე, საჩივარსა და მიმართვაზე, სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული დამოკიდებულებები საჭიროებდა სწორი სამართლებრივი და პოლიტიკური დასკვნების გაკეთებას. ამასთან, სასამართლოს სრული ინფორმაცია მიეწოდა იმის შესახებ, რომ როლანდ ბლადაძის მართლზომიერ მფლობელობაში არსებობდა სადარბაზო ფართი 13.0 კვ.მ და მანსარდი 59.31 კვ.მ ფართით, რომლის მარეგისტრირებელ ორგანოში გატარება, სახელმწიფოს მაშინდელი პოლიტიკური დევნის პირობებში, ვეღარ მოხერხდა და მის მფლობელობაში, თავიდანვე არსებობდა საცხოვრებელი ფართი 277.91 კვ. მ ფართობით, რომელი დასაბუთებაც სარწმუნოდ მიიჩნია საქმის განმხილველმა მოსამართლეებმა.

როლანდ ბლადაძემ უარი განაცხადა ალტერნატიული ფართების სახელმწიფოს მხრიდან გასვისების პროცესსა და ფინანსურად დაკმაყოფილებაზე და აღნიშნა, რომ აღნიშნული პროცესი შეიცავდა რისკებსა და დროში გახანგრძლივებულ პროცესს. ამასთან, როლანდ ბლადაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფოს მიმართ ვერ ექნებოდა რაიმე სახის ფინანსური ვალდებულებები, თუკი მიიღებდა მეტობით ფართს, ხოლო სასამართლომ შენიშნა, რომ სახელმწიფოს ზედმეტობით გადაცემული ფართი შემთხვევაში, უნდა ეფიქრა მოქალაქის ერთგვარ მორალურ კომპენსირებაზე, რომელიც გამოიხატა უკანონო დევნაში, ქონების ჩამორთემვაში და როლანდ ბლადაძის მოთხოვნის უფლების დათმობაში სამომავლო დავებთან დაკავშირებით.

როლანდ ბლადაძემ აღნიშნა, რომ იმ შემთხხვევაში, მათი საბაზრო ღირებულებების მიუხედავად, თუკი უპირობოდ სახელმწიფოს მიერ გადაცემულ იქნებოდა შავი კარსაკის მდგომარეობით, მდებარე ორი საცხოვრებელი ფართი ქ. თბილისში ნინო ჟვანიას (ყოფილი კეკელიძე) ქუჩაზე შემდეგი მონაცემებით 252 კვ.მ. ფართი და 160 კვ.მ. ფართი (მე-12 სართულზე), დავას მორიგებით დაასრულებდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მოსალოდნელი გადაწყვეტილების გათვალისწინებით, უნდა ეფიქრა როლანდ ბლადაძის საბოლოო წინადადებაზე და აღნიშნა, რომ თუკი 4 მაისამდე არ იქნებოდა მიღწეული შეთანხება, საქმე არსებითად განიხილებოდა.

2018 წლის 4 მაისის სასამართლო სხდომაზე პალატამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხრიდან როლანდ ბლადაძისთვის ალტერნატიული ფართის შეთავაზების პირობებთან მიმართებით, კონკრეტული პოზიციები ვერ მოისმინა. სასამართლომ კიდევ ერთხელ მოისმინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებები დავის მორიგებით დასრულების შესაძლებლობებზე. ამასთან, სასამართლომ მოისმინა როლანდ ბლადაძის პოზიცია იმის შესახებ, რომ სამინისტროსთან შეხვედრები სულ სხვა პირობებით და შეთანხმებებით სრულდება, თუმცა სამინისტროს შემდგომი დოკუმენტური მასალა ამ პირობებისა და შეთანხმებების საწინააღმდეგოა. სასამართლომ სამინისტროს როლანდ ბლადაძის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის ორგანიზება დაავალა და გაიზიარა მხარის პრეტენზიები იმის თაობაზე, რომ შესაძლებელია, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ პირთან – მინისტრთან არ ხდებოდეს სასამართლოს საქმისადმი დამოკიდებულებებისა და როლანდ ბლადაძის მოთხოვნების სრულფასოვნად მიტანა. მიუხედავად ამისა, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეს არსებითად განიხილავდა და პარალელურ რეჟიმში ხელს შეუწყობდა მორიგების პროცესის უზრუნველყოფას.

2018 წლის 11 მაისის სასამართლო სხდომაზე, პალატამ საქმე არსებითად განიხილა და დაასრულა. უზენაესმა სასამართლომ იმ საფუძვლით, რომ სახელმწიფო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახით, კიდევ ერთხელ გამოხატავს მზადყოფნას როლანდ ბლადაძის მიმართ ალტერნატიული ფართის გადაცემაზე, გადაწყვეტილების გამოცხადების ორი კვირით გადადება გონივრულ ვადად მიიჩნია. სასამართლოს დასკვნითი პოზიციით, რომელიც ეხება სახელმწიფოს მიმართ მკაფიოდ არსებულ გზავნილს, როლანდ ბლადაძის მიმართ სახელმწიფოს უკანონო მოქმედებების შედეგად მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი გაცილებით მეტია, ვიდრე ჩამორთმეული ქონების დღევანდელი საბაზრო ღირებულება. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებული უარს ამბობდა სახელმწიფო მიმართ ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ორგანოებში ყოველგვარ სარჩელზე, საჩივარსა და მიმართვაზე, სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული დამოკიდებულებები საჭიროებდა სწორი სამართლებრივი და პოლიტიკური დასკვნების გაკეთებას. სასამართლომ იმედი გამოთქვა, რომ საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მორიგების მიღწევა იქნება ყველა მხარის ისტორიული გამარჯვება და დავის ღირსეულად დასრულება. შესაბამისად, სასამართლომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოუწოდა, სერიოზულობით მოპყრობოდა დასმულ საკითხს.

2018 წლის 26 აპრილისა და 2018 წლის 3 მაისის წერილობითი მომართვებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მხარესთან მორიგების შესაძლებლობას ადასტურებს, თუმცა პრობლემა რჩება გარკვეული ქმედებები. სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტი სადაოდ ხდის ისეთ გარემოებებს, რომელიც პირდაპირ აფერხებს დავა დასრულდეს მორიგებით. დაზარალებული მხარე აღნიშნავს, რომ ალტერნატიული ფართების საბაზრო ღირებულებების მიუხედავად, თუკი უპირობოდ სახელმწიფოს მიერ გადაცემულ იქნება შავი კარსაკის მდგომარეობით, მდებარე ორი საცხოვრებელი ფართი ქ. თბილისში ნინო ჟვანიას (ყოფილი კეკელიძე) ქუჩაზე შემდეგი მონაცემებით 252 კვ.მ. ფართი და 160 კვ.მ. ფართი (მე-12 სართულზე), დავას მორიგებით დაასრულებს და უარს იტყის დავის სამომავლოდ გაგრძელებაზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.

2018 წლის 11 მაისის შემდეგ მხარემ განაახლა კომუნიკაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან. როლანდ ბლადაძესა და სამინისტროს სახელით, სოფიო ახალაძე-გულორდავას შორის არსებობდა არაერთი სატელეფონო კონტაქტი. როლანდ ბლადაძის მოთხოვნას წარმოადგენდა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრა. როლანდ ბლადაძეს რამდენიმე დღის განმავლობაში, კვლავ უშედეგოდ პირდებოდნენ მინისტრთან შეხვედრის ორგანიზებას. ბოლოს, სოფიო ახალაძე-გულორდავამ განაცხადა, რომ მინისტრთან შეხვედრის მნიშვნელობას და აზრს ვერ ხვდებოდა, თუკი როლანდ ბლადაძე თანახმა იყო სამინისტროს მიერ 2018 წლის 26 აპრილსა და 3 მაისს წარმოდგენილი წერილებში დაფიქსირებულ პირობებზე, შეეძლო გამოეთქვა თანხმობა და სამინისტრო რამდენიმე დღეში მოამზადებდა მორიგების აქტის პროექტს, რაზედაც როლანდ ბლადაძემ, წარმოდგენილი პირებობის მიმართ, თანხმობა არ გამოხატა. 2018 წლის 22 მაისს, დაზარალებულმა მხარემ წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს და საკითხზე სრული ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა ამ დრომდე, სამინისტროს მხრიდან თანხვედრი ნაბიჯი არ მოჰყოლია.

მოცემულ ეტაპზე, სამართლიანად მიგვაჩნია, რომ აღვნიშნოთ, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მართლაც ყველა შესაძლებლობა და საშუალება გამოიყენა, რათა მხარეთა შორის დავა მორიგებით დასრულებულიყო. სასამართლოსთან ერთად, დაზარალებულმა მხარემ ყველაფერი გააკეთა დავა მორიგებით დასრულებულიყო, თუმცა ჩანს, რომ მეორე მხარის თვითდაჯერებული პოზიციებიდან გამომდინარე, სამინისტრო იმოქმედებს სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად. მადლობას იმსახურებს საქართველოს უზენაესი სასამართლო მორიგების მცდელობების იმგვარი უზრუნველყოფისთვის, რომელიც არ ტოვებს არც ერთი გონიერი ადამიანის შეხედულებაში, რომ პროცესი იყო ფორმალური ან/და ნაკლები პასუხისმგებლობით. სასამართლო ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა დაერწმუნებინა აღმასრულებელი ხელისუფლების ერთი უწყება დავის მნიშვნელობაში და მორიგების საჭიროებაში, რაც სამინისტროს სურვილის არქონის გამო, არ შედგა. ამაზე მეტყველებდა თუნდაც ის გარემოებაც, რომ სამინისტროს წარმომადგენელი, პირველივე სხდომიდან აღჭურვილი იყო ისეთი რწმუნებულებით/უფლებამოსილებით, სადაც ამოღებულ იქნა მორიგების საკითხზე საპროცესო უფლებამოსილების განხორციელების დავალების მინდობა. ასევე, თვალსაჩინოა ის გარემოებაც, თუ როგორ იქცეოდა ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი 2018 წლის 11 მაისის სხდომაზე, რომელმაც სამართლიანად და ობიექტურად დაიმსახურა საქმის განმხილველი სამივე მოსამართლის მოწოდება კორექტულობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოდან საქმეზე 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნულია შემდეგი: „საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და დაადგინა: როლანდ ბლადაძის საკააციო საჩივარი ცნობილ იქნეს დასაშვებად“. სასამართლოს მიერ მითითებული კანონის თანახმად, „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას“.

როლანდ ბლადაძის საქმე ნინო ბაქაქურმა (თავმჯდომარე), ბესარიონ ალავიძემ და ზურაბ ძლიერიშვილმა განიხილეს. გადაწყვეტილება 11 ივნისს, 12:00 საათზე გამოცხადება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები