რიგგარეშე სხდომაზე, პირველ საკითხად, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე იმსჯელებენ

ბიუროს  დღის წესრიგის თანახმად, რიგგარეშე სხდომაზე პირველ საკითხად განხილული იქნება საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე”.

დროებით საგამოძიებო კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობიდან წარდგენილი არიან: არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და სოფიო კილაძე.

საპარლამენტო უმცირესობიდან კომისიის თავმჯდომარედ წარდგენილია სერგი კაპანაძის კანდიდატურა, ხოლო წევრებად: ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ირაკლი აბესაძე, სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, გიორგი ბოკერია და ირმა ნადირაშვილი.

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებიდან” დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრად წარდგენილია ადა მარშანია. ფრაქციას ადა მარშანიას კანდიდატურა, ასევე წარდგენილი ჰყავს კომისიის თავმჯდომარედ.

დროებით საგამოძიებო კომისიის წევრად წარდგენილია აგრეთვე დამოუკიდებელი დეპუტატი  სალომე ზურაბიშვილი.

რიგგარეშე სხდომაზე განხილული იქნება 15 კანონპროექტი.

პარლამენტის წევრები მესამე მოსმენით განიხილავენ  კანონპროექტს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”.  პროექტის შესაბამისად, ზუსტდება დისპოზიცია და იცვლება გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, დამზადების, გადაზიდვის, გადაგზავნისა და გასაღებისათვის.

მეორე მოსმენით იქნება განხილული კანონპროექტი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”.  კანონის პროექტი ეხება პირის მიერ დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის განცხადებით მიმართვასთან დაკავშირებული საკითხის დარეგულირებას.

დეპუტატები პირველი მოსმენით იმსჯელებენ კანონის პროექტზე „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” . პროექტი ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებასთან. კანონის პროექტით განისაზღვრება, რომ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი არის ორგანული კანონის ძალის მქონე ნორმატიული აქტი, რომელიც გამოიცემა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში. გარდა ამისა ტერმინი „კონტრასიგნაცია” იცვლება ტერმინით „თანახელმოწერა”.

რიგგარეშე სხდომაზე დაგეგმილია 60-მდე საკითხის კენჭისყრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები