“მსოფლიოში დაძაბული სიტუაციის მიუხედავად, მოვახერხეთ ეკონომიკური ზრდის ტემპის და ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება”

მსოფლიოში დაძაბული სიტუაციის მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ ეკონომიკური ზრდის ტემპის და ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა და ქვეყანაში არსებული ვითარება მიმოიხილა.
მიუხედავად სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების აშკარა ტენდენციებისა, ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა რთულია, როდესაც ქვეყანაში გადასახადების გადამხდელზე გაცილებით მეტი ბენეფიტების მიმღებია, რასაკვირველია, ტურბულენტური მდგომარეობა იქმნება.
ჩვენ ხშირად გვსაყვედურობენ პიარში მოიკოჭლებთო, მე ასე არ ვიტყოდი, არც ვიგებთ პიარით და არც ვაგებთ, რადგან საერთოდ არ ვთამაშობთ ამ ველზე, თუმცა საჭიროა საზოგადოებამ იცოდეს, რა გაკეთდა და რა კეთდება: დასრულდა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების გაზიფიცირება და წყლით უზრუნველყოფა, ამ სოფლის მკვიდრნი არ იხდიან სწავლის საფასურს უმაღლეს სასწავლებლებში, შენდება საბავშო ბაღები, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ფაროსანასთან ეფექტური ბრძოლა. იზრდება თავისუფალი ვაჭრობის დიაპაზონი ქვეყნებთან (ჩინეთთან, ევროკავშირთან), კეთდება სატრანზიტო გზები, ახლახანს ხუთ ქვეყანას შორის დაიდო ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს გულისხმობს, როგორც გამტარს ავღანეთიდან, ევროპის ბაზრებთან შემაერთებელ ხაზს. მსოფლიოში უაღრესად დაძაბული სიტუაციის მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ ეკონომიკური ზრდის ტემპის და ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება. მიუხედავად საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის და დასავლელი პარტნიორების მხარედაჭერისა, რუსეთთან მოლაპარაკებაზე სულ გვიკიჟინებენ, არადა მოლაპარაკებების აუცილებლობა ნამდვილად არსებობს. სახელისუფლებო რგოლზე მოტანილი პროპაგანდისტული შეტევა პასუხგაუცემელია. ყველას დღემდე ჰგონია, რომ პარლამენტარები იღებენ პრემიებს, რატომღაც ბევრს ჰგონია, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანები წამოწოლილები არიან და ამაში იღებენ ხელფასებს და პრემიებს, არეულია პრემიის და დანამატის რაობა. უმრავლესობამ არ იცის, რომ მინისტრები, ხელფასის გარდა, არანაირ ფულად პრემიას და დანამატს არ იღებენ.
ეს გახლავთ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მცირე მიმოხილვა და სამწუხაროა, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ წყლის ამღვრევას და მღვრიე წყალში თევზის დაჭერას – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები