არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის პასუხი – 100-მდე ჭრილობა და დაზიანება ჰქონდა მიღებული

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის სამედიცინო დასკვნა ცნობილია.
როგორც დასკვნაშია ნათქვამი, არჩილ ტატუნაშვილს 100-მდე ჭრილობა და დაზიანება ჰქონდა მიღებული. სხეულზე, მათ შორის, ჭრილობების ნახევარი, ბლაგვი საგნით იყო მიყენებული.
ტატუნაშვილების ოჯახის ადვოკატის თამარ ავალიანის განცხადებით, აღნიშნული დასკვნის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ტატუნაშვილი აწამეს.
თუმცა, მისივე თქმით, აღნიშნული დასკვნა არ არის სრულყოფილი. მაგალითად, საკონტროლო ტყვიაზე საუბარი არ არის, რომელზეც ოჯახი საუბრობს.
„სამედიცინო ექსპერტიზაში აღნიშნულია დაახლოებით 100-მდე დაზიანება, რომელიც ტატუნაშვილს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე აღენიშნებოდა. მაგალითად, ჭრილობები ხელის მტევნის არეში, ასევე საუბარია მრავლობით მოტეხილობებზე, 46 სისხლნაჟღენთი სხვადასხვა ორგანოში, სათესლე პარკის მიდამოებში 38 -ზე მეტი დაზიანება და რაც ყველაზე მთავარია, ეს დაზიანებები არის სიცოცხლის დროინდელი და გამოწვეულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედებით. სულ 46 დაზიანებაა მკვრივი საგნის ზემოქმედებით გამოწვეული. თუმცა, ამავე ექსპერტიზაშია საუბარია იმაზე, რომ კომისიური ექსპერტიზა უნდა დაინიშნოს სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტის მონაწილეობით და ეს კომისიური ექსპერტიზა დაადგენს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზებს, ასევე იმას, თუ თუ რამდენად შეეძლო ამ დაზიანებებს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება გამოეწვია“, – აცხადებს ავალიანი.
რაც შეეხება არჩილ ტატუნაშვილის შინაგან ორგანოებს, ჯერჯერობით ორგანოები ქართულ მხარეს არ გადმოსცემია.
ადვოკატის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, შინაგანი ორგანოების დროულად გადმოსაცემად, რათა ყველა კითხვას სრულყოფილი პასუხი გაეცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები