კახა კუჭავა: პარლამენტის სამოქმედო გეგმაში მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების კონტროლს მნიშვნელოვანი ადგილი აქვს

საქართველოს პარლამენტის წევრები და საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები სამუშაო სემინარში მონაწილეობდნენ, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნებისათვის (SDGs) საპარლამენტო ინიციატივას საფუძველს ჩაუყრის. ორდღიანი სემინარის თემაა: „საქართველოს პარლამენტის ინიციატივა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგისთვის“

მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზების შესახებ საქართველოში, მთავრობასა და პარლამენტს შორის კოორდინაციის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ერთი კვირის შუალედით ჩატარდა ასეთივე ღონისძიება პარლამენტის ჩართულობითა და ორგანიზებით.

„იმედს ვიტოვებ, რომ კიდევ უფრო მეტი ღონისძიება ჩატარდება ამ მიმართულებით, რადგან ქვეყანაში აუცილებელია კიდევ უფრო გაიზარდოს ცნობიერება არა მარტო სამოქალაქო სექტორის, არამედ სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუციების წარმომადგენლების, რათა ზუსტად იქნას გააზრებული, თუ რა მნიშვნელობა აქვს მდგრადი განვითარების მიზნებს ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისთვის“, – განაცხადა კახა კუჭავამ. მისი თქმით, მდგრადი განვითარების მიზნებში  ხაზგასმულია გარემოს დაცვის პრიორიტეტულობა. „მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან 4 პირდაპირ კავშირშია გარემოსთან, დანარჩენი კი ირიბად ეხება მას“, – აღნიშნა  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ.

კახა კუჭავამ ყურადღება გაამახვილა მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზებაზე. მისი თქმით,  ჯერ ნაციონალური გეგმა იქმნება, შემდეგ კი ხდება მისი ჩაშლა ცალკეულ სექტორებად, რაც მისივე მოსაზრებით, უმნიშვნელოვანესი ეტაპია. კახა კუჭავას ინფორმაციით, კომიტეტებმა შეიმუშავე სამოქმედო გეგმები, რომელშიც ყველა კომპონენტი ჰარმონიზაციაშია, როგორც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებთან, ასევე მდგრადი განვითარების მიზნებთან.

„საპარლამენტო კომიტეტები ვაპირებთ მოვუსმინოთ სამინისტროებს, თუ რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით, როგორ მიმდინარეობს აღსრულების პროცესი.  ეს უნდა იყოს ძალიან გამჭვირვალე,  ღია და ამასთანავე, ხელი უნდა შევუწყოთ საზოგადოების ჩართულობას ამ პროცესში“, – განაცხადა კახა კუჭავამ და ყურადღება გაამახვილა ღია მმართველობის (OGP) მნიშვნელოვან როლზე აღნიშნულ საკითხში. მისივე თქმით, ყურადღება უნდა მიექცეს თვითშეფასების მექანიზმს, რათა ზუსტად იქნას იდენტიფიცირებული ნაკლოვანებები, თუ რა სრულდება კარგად და სად არის შეცდომები.

„პარლამენტი ამ აქტივობას არ შეწყვეტს, კიდევ უფრო გავაქტიურდებით ამ მიმართულებით.  პარლამენტის სამოქმედო გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების კონტროლს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ. მან ისაუბრა კონტროლის ეფექტურობის გასაზრდელად დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

სემინარის ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობისა და საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები