რომან კაკულია: პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, პროკურატურაში მიმდინარე პროცესები უნდა გაანალიზდეს

„იმედი მაქვს, დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, რომელიც პარლამენტში შეიქმნა, ჩვენ არა მხოლოდ ამ კონკრეტულ საქმეზე ვიმუშავებთ, არამედ, დავინახავთ იმ ტენდენციებს, რაც ზოგადად პროკურატურაში ხდება”,- ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა.

კაკულია მიიჩნევს, რომ პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში პროკურატურაში მიმდინარე პროცესები უნდა გაანალიზდეს.

„ჩემი აზრით, სამართლიანობასთან დაკავშირებით არსებული განწყობა და დამოკიდებულება წლების განმავლობაში წვეთ-წვეთად გროვდებოდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომისიის ფორმატში შევცვალოთ ეს ტენდენცია, შეძლებისდაგვარად გავაანალიზოთ ამ ნეგატიური განწყობების სუბიექტური და ობიექტური მიზეზები.

პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში პროკურატურაში მიმდინარე პროცესები უნდა გაანალიზდეს და ისეთი გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული, რაც ქვეყანაში სამართლიანობის განცდას მნიშვნელოვნად აამაღლებს“,- აღნიშნა კაკულიამ.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ თავისი დამოკიდებულება გამოხატა მიმდინარე აქციებთან დაკავშირებითაც.

 „მრავალფეროვანია ის წარმომადგენლობა, რომლებიც პროტესტს გამოთქვამენ, მაგრამ, ჩვენი მიზანია, აქცენტი გავაკეთოთ საზოგადოების ყველაზე ჯანსაღ ნაწილზე. იმ ადამიანებზე, რომლებმაც სოლიდარობა გამოუცხადეს ზაზა სარალიძეს. ეს არის ყველაზე მაღალი ღირებულება, როდესაც ადამიანი გადის გარეთ და სხვა ადამიანს უდგება გვერდით. ჩვენ ეს ადამიანები უნდა გამოვიყვანოთ იქიდან მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის გაცემით. სწორედ ესაა ჩვენი ინტერესიც. ამის შემდეგ ვინ დარჩება აქციაზე და რა მოტივაცია ექნებათ მათ, ამას საზოგადოება ძალიან სწორად შეაფასებს და პროცესს შესაბამის დიაგნოზს დაუსვამს“,- განაცხადა რომან კაკულიამ კომიტეტის სხდომის დაწყებამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები