“საქართველომ დიდი ხანია დაამტკიცა, რომ ის ნატო-ს სანდო პარტნიორია – ასპირანტი ქვეყანა, რომელიც მოკავშირის მსგავსად მოქმედებს”

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კონფერენციაში (SNGP Conference 2018) მონაწილეობა მიიღო, რომელსაც საქართველო მასპინძლობს.

მიხეილ ჯანელიძემ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. საკუთარ გამოსვლაში მან ყურადღება ნატო-საქართველოს, არსებითი პაკეტის, როგორც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის უნიკალურ ინსტრუმენტზე გაამახვილა. მინისტრის განცხადებით, არსებითი პაკეტი ხელს უწყობს არა მხოლოდ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას, არამედ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და ნატოსთან თავსებადობის გაძლიერებას. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა მოკავშირეებს არსებითი პაკეტს ეფექტური იმპლემენტაციისთვის გაწეული ძალისხმევისათვის და აღნიშნა, რომ ამ გზაზე საქართველოს წარმატება სამაგალითოა მათ შორის ალიანსისთვის.

„ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტი მართლაც რომ უნიკალური ინსტრუმენტია, რომლითაც არცერთ სხვა ასპირანტ ქვეყანას არ უსარგებლია. მისი მიზნები ისევე შთამბეჭდავია, როგორც ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ამ პაკეტის განხორციელების პროცესში დღემდე მიაღწია”, – აღნიშნა ჯანელიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა თავდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებზე, რომელიც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების განმტკიცებას, არამედ შეუქცევადს ხდის საქართველოს ალიანსში ინტეგრაციას. მინისტრის განცხადებით საქართველო ეფექტურად იყენებს ინტეგრაციის ყველა ინსტრუმენტს, რომელიც მას გააჩნია და ეს ინსტრუმენტები და გატარებული რეფორმები, როგორც დემოკრატიული განვითარების, ასევე თავდაცვის მიმართულებით  მთავარ ამოცანას ემსახურება – საქართველო მიუახლოვდეს ქვეყნის მთავარ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მიზანს, რაც ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრობას გულისხმობს.

„საქართველომ დიდი ხანია დაამტკიცა, რომ ის ალიანსის სანდო და უნარიანი პარტნიორია – ასპირანტი ქვეყანა, რომელიც გაწევრიანების მიზნისკენ თანმიმდევრულად მიისწრაფვის, უკვე მოკავშირის მსგავსად მოქმედებს. როგორც ალიანსის მიერ აღინიშნა, საქართველოს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს იმისათვის, რომ მოემზადოს გაწევრიანებისთვის.

მტკიცედ გვწამს, რომ საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები, წარმატებით განხორციელებული რეფორმები და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით გაწეული ძალისხმევა სოლიდურ საფუძველს ქმნის ინტეგრაციის პოლიტიკური თუ პრაქტიკული განზომილებების შემდგომი განვითარებისთვის. იმედი გვაქვს, რომ გაწევრიანების გზაზე საქართველოს პროგრესისა და მიღწევების შესახებ სამიტის გზავნილი სათანადოდ აისახება როგორც დისკუსიებში, ისე ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში სამიტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში”,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ჯანელიძემ.

4-6 ივნისს საქართველოში „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი 2018 კონფერენცია” (SNGP) მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, ნატო-ს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალი დენის მეღსიემ, ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ და ბულგარეთის ელჩმა საქართველოში დესისლავა ივანოვამ გახსნეს.

„ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი 2018 კონფერენციის”  მიზანია, SNGP-ის, როგორც წარმატებული და განმეორებითი მოდელის შესაძლებლობაზე მსჯელობა. ღონისძიებას ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების 175-მდე ექსპერტი და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები