ირაკლი კობახიძე: ჩვენი მთავარი და ერთადერთი ამოცანაა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ყველა დეტალი იყოს გაცხადებული

„დროებით საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი საპარლამენტო უმცირესობა, ანუ მას  9 წევრი ეყოლება და ეს მოხდება კვოტების გადანაწილების ხარჯზე. შესაბამისად, უმცირესობის წარმომადგენელი იქნება დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეც”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, უმრავლესობასა და უმცირესობას შორის გამართული კონსულტაციის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დროებით საგამოძიებო კომისიაში წარმოდგენილი იქნება „პატრიოტთა ალიანსიც”, რომელსაც კომისიაში ადგილების შესაბამისი რაოდენობა ექნება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით,  პარტიასთან პირველადი კონსულტაციები უკვე გაიმართა.

„პატრიოტთა ალიანსს” ისედაც ეკუთვნის კვოტა დროებით საგამოძიებო კომისიაში, შეიძლება, დამატებით დაეთმოს კვოტა ასევე „პატრიოტთა ალიანსს”, ამაზეც შეიძლება კონსულტაციების წარმოება. პირველადი კონსულტაციები იყო უკვე ამ საპარლამენტო პარტიასთან და ეს კონსულტაციები გაგრძელდება, შედგება კონსულტაციების კიდევ ერთი რაუნდი. ეს არის გადაწყვეტილება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ  ოპოზიციისთვის პრინციპული საკითხი იყო, პროცესზე გადამწყვეტი გავლენა ჰქონოდა და ამასთან დაკავშირებით, შეთანხმება მიღწეულია.

„პრინციპული საკითხი იყო ოპოზიციისთვის, რომ მათ ჰქონოდათ გადამწყვეტი გავლენა პროცესზე და ამასთან დაკავშირებით არის მიღწეული შეთანხმება. ჩვენ გვაქვს ძალიან ცხადი მიზანი-ეს არის ნათელის მოფენა იმ საქმეზე, რომელიც არის დაკავშირებული ამ ძალიან მძიმე დანაშაულთან. ეს არის ჩვენი მიზანი და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა სუბიექტი, რომელიც იქნება დროებით საგამოძიებო კომისიაში, ამავე სულისკვეთებით იმოქმედებს. ამ შემთხვევაში, აუცილებლად მიაღწევს კომისია შედეგს. კიდევ ერთხელ, ჩვენი მთავარი და ერთადერთი ამოცანა გახლავთ ის, რომ ყველა დეტალი იყოს გაცხადებული ამ საქმესთან დაკავშირებით და ყველაფერი გაირკვეს დეტალურად”,- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

მისი განმარტებით, კომისია საქმესთან დაკავშირებულ ყველა დეტალს შეისწავლის. პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამ საქმის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, მორალური თვალსაზრისით, მიუღებელია და იმედი გამოთქვა, რომ კომისიის საქმიანობაში ჩართული ყველა პარტია სწორედ ამ სულისკვეთებით იმუშავებს.

„ჩვენი ამოცანა არის გაირკვეს ყველაფერი. იქ რა იქნება, როგორ იქნება-ეს არის დამოკიდებული დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგებზე. ამას შეისწავლის საგამოძიებო კომისია. ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ყველა საპარლამენტო სუბიექტთან იმისთვის, რომ ამ საქმესთან დაკავშირებული ყველა დეტალი გაირკვეს. ეს არის ისეთი საქმე, სადაც საქმე ეხება ბავშვების მკვლელობას. საქმე ეხება ბავშვებს და შესაბამისად, რაიმე პოლიტიკური მიზნებისთვის, მით უმეტეს, სპეკულაციებისთვის, ამ საქმის გამოყენება ჩვენთვის არის მორალური თვალსაზრისით მიუღებელი და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც იქნება ჩართული ამ საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში, იმუშავებს ზუსტად ამ სულისკვეთებით. ქულების დაწერა, პოლიტიკური ქულების დაწერა, სპეკულაციებისთვის გამოყენება ამ საქმის, რომელიც ეხება არასრულწლოვანი ბავშვების მკვლელობას, არის ამორალური საქციელი. ამის მაგალითები ჩვენ ვიხილეთ, სამწუხაროდ, ამ შენობის წინ, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საგამოძიებო კომისიამ უნდა იმუშაოს განსხვავებული სულისკვეთებით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საპარლამენტო უმცირესობას კომისიაში 9 ადგილი ექნება, ხოლო, რაც შეეხება დანარჩენ კვოტებს – ის შესაბამის საპარლამენტო პარტიებს შორის გადანაწილდება. მისივე  ინფორმაციით, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას არ გეგმავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.

„უმცირესობას, ანუ „ევროპულ საქართველოს” ექნება უმრავლესობა კომისიაში. უმრავლესობა ნიშნავს 9 ადგილს. რაც შეეხება დანარჩენ კვოტებს, ის გადანაწილდება შესაბამის საპარლამენტო პარტიებს შორის, მათ შორის, არის  „ქართული ოცნება”, რომელსაც ექნება ძირითადი ნაწილი, ბუნებრივია,  ამ ადგილების. ასევე, მე როგორც ვიცი „ნაციონალურმა მოძრაობამ” საჯაროდაც განაცხადეს ამის თაობაზე, ისინი არ აპირებენ მუშაობაში მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ რომან გოცირიძემ თავად მოითხოვა ამ კომისიის შექმნა. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მათ არ აინტერესებთ საქმის შესწავლა. მათ აინტერესებთ მხოლოდ და მხოლოდ ამ დანაშაულის გამოყენება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის, რაც არის, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აბსოლუტურად ამორალური ქმედება. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა იმით, რომ  მათ ჯერ მოითხოვეს კომისიის შექმნა, ხოლო მას შემდეგ, რაც კომისია შეიქმნა, უარი თქვეს მასში მონაწილეობაზე. ამას აქვს ერთადერთი ახსნა-„ნაციონალური მოძრაობა” მოქმედებს იმავე მორალით, რა მორალითაც მოქმედებდა ის 2012 წლამდე, როცა იყო ხელისუფლებაში. ანუ, დანარჩენი რვა ადგილი გადანაწილდება „ქართულ ოცნებაზე” და „პატრიოტთა ალიანსზე”. ასევე, დამოუკიდებელ დეპუტატს ეკუთვნის ქვოტა”,- განმარტა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმირების პრინციპებს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამასთან დაკავშირებით, დამატებითი მსჯელობა გაიმართება.

„პრინციპებზე გვქონდა საუბარი პოლიტსაბჭოს სხდომაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი კომიტეტების ხელმძღვანელები იყვნენ წარმოდგენილი ამ კომისიაში. საუბარია ამ პროფილის კომიტეტებზე- უფლებები, იურიდიული კომიტეტი და ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი უმრავლესობის ხელმძღვანელობიდანაც იყვნენ წარმომადგენლები. მათ შორის კარგი იქნებოდა უმრავლესობის ლიდერი, წამყვანი ფრაქციის თავმჯდომარე. ამაზე დამატებითი მსჯელობა გვექნება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომა, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას, ოთხშაბათს გაიმართება, ხოლო პერსონალური შემადგენლობა, სავარაუდოდ, ხვალისთვის ჩამოყალიბდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები