“ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი 2018 კონფერენცია“ დაიწყო

„ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი 2018 კონფერენცია“ (SNGP) დღეს დაიწყო. კონფერენცია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, ნატო-ს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობის მეთაურმა, გენერალმა დენის მერსიემ, ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და ბულგარეთის ელჩმა საქართველოში დესისლავა ივანოვამ გახსნეს.

„ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი 2018 კონფერენცია“ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ბულგარეთის საელჩოს მიერ ერთობლივად დაიგეგმა. ამგვარი კონფერენცია საქართველოში პირველად იმართება. ის მიზნად ისახავს იმის დემონსტრირებას, თუ როგორ შეუძლია SNGP-ის სტრუქტურას, ორგანიზაციასა და განხორციელების მექანიზმებს გახდეს განმეორებითი მოდელი ნატო-ს სხვა „თავდაცვისა და უსაფრთხოების აღმშენებლობის“ (DCB) ინიციატივებში. სასურველი შედეგის მიღწევა მოითხოვს, როგორც ჰოლისტიკურ და უწყებათაშორის მიდგომას, ასევე, ნატო-ს სტრუქტურების, მოკავშირეებისა და პარტნიორების მიერ ენერგიულ და სრულფასოვან ჩართულობას.

კონფერენციის ფარგლებში, ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების 175-მდე ექსპერტი საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, არსებითი პაკეტის შედეგებსა და გაწეულ სამუშაოებზე იმსჯელებენ.

სამუშაო ჯგუფებად დაყოფილი უცხოელი სტუმრები ქართველ კოლეგებთან ერთად ისეთ საკითხებს განიხილავენ როგორიცაა: საქართველოს სტრატეგიული და ოპერატიული პროგრამების ურთიერთთავსებადობა როგორც სამთავრობო უწყებებთან, ასევე, ნატოს წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან; ტოტალური თავდაცვის კონცეფცია; ადამიანური, ორგანიზაციული, ფინანსური, ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო რესურსები.

მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მადლიერება გამოხატა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისა და საქართველოში ნატო-ს საკონტაქტო ბულგარეთის საელჩოს მიმართ ასეთი მნიშვნელოვანი კონფერენციის ორგანიზებისთვის.

„დღეს ჩვენ პროგრესის გზაზე ვდგავართ. მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ნატოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის“,- განაცხადა ლევან იზორიამ.

ცერემონიალის ოფიციალურად გახსნის შემდეგ, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, ნატო-ს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობის მეთაურთან, გენერალმა დენის მერსიესთან და საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან ერთად პანელში „საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებსა და ინსტიტუციონალურ აღმშენებლობაზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გავლენა“ მიიღო მონაწილეობა. პანელს ბულგარეთის ელჩი საქართველოში დესისლავა ივანოვა მოდერატორობდა.

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივებზე აქტიური მსჯელობა და მიმდინარე პროცესების შეფასება გასულ წელს დაიწყო, როცა „SNGP-ის სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრა“ გაიმართა. სამუშაო შეხვედრის მიზანი ახალ სტრატეგიულ მიმართულებაზე საერთო მიდგომის მიღწევა, საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაცია და დუბლირებული ძალისხმევის თავიდან აცილება იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები