სოფიო ხორგუანი: ძველი სისტემა აღარ არსებობს, მაგრამ არც ახალი შექმნილა
უფლებადამცველი სოფიო ხორგუანი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას, დაუსჯელობის სინდრომს და მართლმსაჯულებაში არსებულ პრობლემებს უკავშირებს. ამასთან დაკავშირებით, მან მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
“წუხანდელ აქციაზე გამუდმებით ისმოდა მოწოდება: „სისტემა უნდა დაინგრეს“! რეალურად, ეს ყველაფერი სწორედ იმ გარემოებამ გამოიწვია, რომ სისტემა, რომელიც ჯერ კიდევ კომუნისტებმა შექმნეს და მერე ნაციონალებმა „დახვეწეს“, გახლდათ მოძალადე, ავტოკრატული სისტემა, სადაც არ არსებობდა გამამართლებელი განაჩენი.
მაშინდელი მართლმსაჯულების სისტემა პრაქტიკულად გადაიქცა სადამსჯელო სისტემად, თუ ვინმეს დასჭირდებოდა ადამიანის განადგურება, აქ ერთვებოდა პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო პენიტენციური სისტემა. ეს სისტემა დაინგრა და 2012 წლის შემდეგ აღარ არსებობს. ამის დასტურია ის განაჩენი, რაც დადგა და რომ არა საპროტესტო აქცია, ცხადია არ გადადგებოდა გენერალური პროკურორი.
მთავარი მაინც ის გახლავთ, რომ ნათლად ჩანს, ერთი ხელი არ მართავს, არ ალაგებს და არ დევნის მოქალაქეს. თუმცა, პრობლემა ის გახლავთ, რომ არ შეიქმნა ახალი სისტემა. ფაქტია, რომ მართლმსაჯულების რეფორმას აქვს პრობლემები. ის, რომ დავით კეზერაშვილი და მისთანანი დღეს არ არიან ბრალდებულნი, არ დგანან სასამართლოს წინაშე და არ სცემენ კითხვებზე პასუხებს, მთავარი დასტურია იმისა, რომ მართლმსაჯულებას პრობლემები აქვს. ვიცი, რომ დეპარტამენტი მუშაობს, ქონების წართმევების, ადამიანთა უფლებების შელახვის და სხვა ფაქტებზე, თუმცა, ერთი დეპარტამენტი ამას ვერ აუვა, იმდენად მოცულობითი მასალაა დაგროვებული.
დაუსჯელობის სინდრომი გახლავთ ის საფუძველი, რომელზეც შემდეგ დანარჩენი პრობლემები აიგო. ირაკლი შოთაძე არის ძალიან კეთილსინდისიერი ადამიანი, თუნდაც გია გვიჩიანის საქმეზე გამოჩენილი პოზიციის გამო, მაგრამ ერთი ადამიანი ვერ შეძლებდა აეშენებინა და გაძღოლოდა ახალ სისტემას. ჩვენმა საზოგადოებამ ვერ მოახერხა ჩამოყალიბება იმაზე, თუ რა არის ცუდი და რა არის კარგი. როდესაც ჩვენ საზოგადოებას ის ადამიანები მართავდნენ, რომლებიც 90-იან წლებში იარაღით დარბოდნენ და ზოგმა ძალადობით, ზოგმაც სახელმწიფოს ყვლეფით მოახერხა და დააგროვა ქონება და შემდეგ კომერსანტებად და ერის მამებად მოგვევლინენ, ეს ტრადიცია გაგრძელდა.
ის ავადსახსენებელი 9 წელიც, ამაოდ ნურავინ გაირჯება და ნუ მეტყვის, რომ უნდა დავივიწყოთ, ყოველდღე გავახსენებ და ფუფუნება, რომ ის 9 წელი არ ვახსენო, მათ არ ექნებათ (ისევე, როგორც იმის წინა 70 წელი), რადგან ეს მოცემულობა გახლავთ. ადამიანები, რომლებსაც 9 წლის მანძილზე ჩადენილი დანაშაულები სათანადოდ ვერ მოჰკითხა სახელმწოფომ, დღე გვესაუბრებიან სახელმწიფოს ინტერესებზე, ადამიანის უფლებებზე და ა.შ. – ეს ყოველივე საზოგადოებაში აღვივებს განცდას, რომ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია. როცა მავანი ეჭვქვეშ აყენებს, უნდა ვითანამშრომლოთ თუ არა საგამომძიებლო სტრუქტურებთან, ესეც იმაზე მეტყველებს, რომ აღრეული გვაქვს ღირებულებები.
ბევრს უკვირს პოლიტიკოსები რომ ამ ტრაგედიას სათავისოდ იყენებენ, მე კი, იქ მდგომი პოლიტიკოსებისაგან გამიკვირდება კეთილშობილება და სახელმწიფოებრივი აზროვნება. სწორედ ის სახეები, რომლებიც აქციაზე ჩანან და კულისებს მიღმა ჩანან, გახლავთ იმ სასტიკი სისტემის შემოქმედნი, ისინი ყოველთვის შეეცდებიან, გამოიყენონ ნებისმიერი ვითარება სათავისოდ. სწორედ ამ ხალხის „დამსახურებაა“, რომ წუხანდელ აქციაზე არ იყო უფრო მეტი ადამიანი. სწორედ ეს შემთხვევა უნდა იყოს ხელისუფლებისთვის ცივი შხაპი და სისტემა და სამართლიანობა აუცილებლად უნდა ამუშავდეს, – განაცხადა პრესკონფერენციაზე ხორგუანმა.