დიმიტრი ლორთქიფანიძე: შედეგზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა მმართველმა გუნდმა უნდა აიღოს
მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, უფლებადამცველმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთავარი პროკურორის გადადგომა არაა საკმარისი, მთავრობის სრული პასუხისმგებლობის გამოსახატავად.
“არ არსებობს, მსგავსი ტიპის მოვლენამ ჩაიაროს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების ვალდებულების გამოცხადების გარეშე. მთავარი პროკურორის გადადგომა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტიც გახლავთ, მაგრამ სრულიად არასაკმარისია იმისთვის, რომ გამოიხატოს მთავრობის პასუხისმგებლობა.
პირველ ეტაპზე, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, სასამართლოს შემდგომ ინსტანციებში, პირველ რიგში, მთავარ პროკურორზე პასუხისმგებელი პირველი რგოლი გახლავთ იუსტიცია. იუსტიცია განიმარტება, როგორც სამართლიანობის სამინისტრო, თუნდაც ის ფაქტი, რომ იუსტიციის მინისტრი, პირველ რიგში, შეარჩევს მთავარი პროკურორის კანდიდატურას, როგორც პოლიტიკურად პასუხისმგებელი პირი კანდიდატურის შერჩევის საკითხში, უკვე მეტყველებს იმაზე, რომ სწორედ იუსტიციის მინისტრი გახლავთ პასუხისმგებელი პირი იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მთავრი პროკურატურის სისტემაში. ამის სანაცვლოდ, სამწუხაროდ მივიღეთ ის, რომ ქალბატონი თეა წულუკიანი გამოვიდა საგანგებო განცხადებით და მან პროკურორებს მოუწოდა, ფარხმალი არ დაყარონ. მის განცხადებაში საერთოდ არ იყო ის განცდა, რომელიც ლეგიტიმურ მღელვარებას მოჰყვა საზოგადოებაში. სასამართლომ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც თავისი გადაწყვეტილებით განაჩენი გამოუტანა საგამოძიებო პროცესს და პროცესზე ზედამხედველ პროკურატურას. სარეზოლუციო ნაწილში ნათლადაა განმარტებული, რომ დავით სარალიძის გარდაცვალების რეალური მიზეზები უცნობია, თუ ვისი ბასრი მჩხვლეტავი საგნის მოქმედების შედეგად დადგა გარდაცვალების ფაქტი და ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც დაკავშირებულია ამ მტკიცებულებებთან. ეს ყოველივე მიუთითებს იმას, რომ გამოძიების პროცესში იყო ძალიან სერიოზული ხარვეზები, ძლიან მსუბუქად რომ შევაფასოთ, იყო გადაცდომები, რომლებიც შეიძლება შეფასებულ იქნეს, როგორც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება გარკვეული მიზნის მისაღწევადაც, ვინაიდან თავად დაზარალებულის უფლებადამცველი გამოძიების პროცესშივე ამბობდა, რომ ის არ ენდობოდა გამოძიებას და ეყრდნობოდა ალტერნატიული ექსპერტიზის პასუხებს და მოდით პირდაპირ ვთქვათ, თუ ალტერნატიულმა ექსპერტიზამ გამოკვეთა სხვა, ბასრი მჩხვლეტავი იარაღის არსებობა, რატომ ვერ მივიდა ამ დასკვნამდე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო?
რადგან სასამართლომ ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა გაიზიარა, წინასწარ გამოძიებაში ამაზე ინფორმაცია უნდა ჰქონოდათ. სწორედ ამიტომ დადგა ის შედეგი, რომელიც დადგა და ამ შედეგზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მმართველმა გუნდმა, დაწყებული იუსტიციის მინისტრიდან, რომელმაც საკმაოდ არაეფექტური რეფორმები გაატარა, უვადოდ დანიშნა რა ის მოსამართლეები, რომლებიც საქართველოს სახელით წლობით ადგენდნენ უსამართლო განაჩენებს და, მათ შორის, პოლიტიკურად მოტივირებულებსაც – განაცხადა “კვირას” პრესკლუბში ლორთქიფანიძემ.