„აღსრულდეს სამართალი“ – პროკურატურასთან აქციას 51 -ე სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ
მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციას 51 -ე სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ, მოთხოვნით – „აღსრულდეს სამართალი, შეცვალე სისტემა!“
ორი არასრულწლოვნის მკვლელობის შემდეგ მათ დაიწყეს მოძრაობა „ნუ მომკლავ.“
მოზარდების თქმით, გამოძიების პერიოდში მტკიცებულებები გაყალბდა, მოწმეებზე ზეწოლა მიმდინარეობდა, ასევე, დამნაშავეებზე ხელის დაფარება.
„თითოეული ახალგაზრდა გამოვა და დადგება სამართლიანობის სადარაჯოზე. დღეს ჩვენ ხმას ამოვიღებთ და ვეტყვით არას ამ სისტემას,“, – განაცხადა აქციის მონაწილემ.
აქციის მონაწილის თქმით, საქალაქო სასამართლოს დღევანდელმა გადაწყვეტილებამ ცხადყო, რომ დავით სარალიძის მკვლელები კვლავ გარეთ არიან.
მათი თქმით, ძალიან ბევრი კითხვა დაუგროვდათ და მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ გ.ჯ.-ს ბრალი ედებოდა ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში, ხოლო გ.ბ.-ს – ჯგუფურად, დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობასა და არასრულწლოვანი ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში. საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში. რაც შეეხება გ.ბ-ს, სასამართლომ დაადგინა, რომ გ.ბ ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში – წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში. შედეგად გამოიკვეთა, რომ გ.ჯ-ს მიმართ წარმოებული მუხლი განზრახ მკვლელობა, გადაკვალიფიცირდა განზრახ მკვლელობის მცდელობად და შესაბამისად დადგინდა, რომ გ.ჯ.-ს დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული არ არის. გ.ბ.-ს კი, სასამართლომ მოუხსნა დავით სარალიძის მკვლელობის მცედლობის ნაწილი და ლევან დადუნაშვილის მიმართ განზრახ მკვლელობის ნაწილი, უცვლელად დატოვა. გ.ჯ-ს ბრალი ედება დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში, გ.ბ. კი ცნობილი იქნა დამნაშავედ ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში.