არჩილ თალაკვაძე: IRI-ს კვლევის შედეგებთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან სერიოზული კითხვები, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე აუცილებლად დაისმევა

„ჩვენ დიდ პატივს ვცემთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის – IRI-ს. რაც შეეხება კვლევის შედეგებს, გვაქვს ძალიან სერიოზული კითხვები”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უმრავლესობაში არსებობს შეკითხვები, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე აუცილებლად დაისმევა და უმრავლესობის ლიდერმა იმედი გამოთქვა რომ აღნიშნულ კითხვებთან დაკავშირებით დეპუტატები შესაბამის პასუხებს მიიღებენ.
„IRI-ის წარმომადგენლებთან დღეს გვაქვს შეხვედრა და ისინი წარმოადგენენ კვლევის შედეგებს. ელემენტარულად ჩვენთვის გაუგებარია, როგორ მოხდა ისე, რომ კვლევა მაგალითად ამბობს, რომ 2012 წელს, როდესაც საზოგადოებამ ხელისუფლება გადაირჩია, მაშინდელ ხელისუფლებას, მაგალითად, მთავრობას ჰქონდა გაცილებით მაღალი ნდობა, ვიდრე შემდეგში, რასაც გრაფიკი აჩვენებს. როგორ მოხდა ის, რომ ადამიანები არჩევნებზე საკუთარი კალმებით მიდიოდნენ გაყალბების შიშით, მაშინ 2012 წელს და უფრო ადრე, ამ კვლევაში აქვთ უფრო მაღალი ნდობის მაჩვენებლები ცესკოს და ხელისუფლებას – არჩევნების ჩატარების ორგანიზატორებს, ვიდრე შემდეგ წლებში”.
მისი თქმით, ასევე გაუგებარია, როგორ აქვს „ქართულ ოცნებას” დაბალი რეიტინგი, მაშინ, როდესაც ყველა არჩევნებში ორჯერ მეტ შედეგს აჩვენებენ.
„როგორ მოხდა ის, რომ თუნდაც „ქართულ ოცნებას” უწერია ძალიან დაბალი რეიტინგი, როდესაც ყველა არჩევნები 2012 წლიდან მინიმუმ ორჯერ მაღალ შედეგს აჩვენებს. არის ძალიან ბევრი შეკითხვა, ელემენტარულად, არაერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერს აქვს 50 და 60%-იანი რეიტინგი, მოცემული, როდესაც მათი პარტიები 5 და 7%საც ვერ იღებენ არჩევნებში. ეს კითხვები აქვს ჩემს თანაგუნდელებსაც და დღეს დარწმუნებული ვარ გვექნება ამაზე მსჯელობა. ალბათ – IRI-ს აქვს ამაზე პასუხები, და თუ როგორ მოხდა ისე, რომ IRI-ს და NDI-ის კვლევის შედეგებიც კი აცილებულია დიამეტრალურად ერთმანეთს. დღეს ველოდებით პასუხებს იმაზე, თუ რატომ არის ერთმანეთს აცილებული დიამეტრალურად IRI-ს და NDI-ის კვლევის შედეგები, როგორ ჩატარდა ეს კვლევა, რომელმა ორგანიზაციებმა ჩაატარეს. ვის დაუკვეთა IRI-მ კვლევის ჩატარება საქართველოში, იმიტომ, რომ კვლევის შედეგები აცილებულია ყველანაირ რაციონალს ბევრი მიმართულებით, მათ შორის რაც ჩამოგითვალეთ, იმ საკითხებზე”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები