„ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ ამ კოდექსით ძალიან ბევრი წლის განმავლობაში მოუწესრიგებელი საკითხი მოწესრიგდება“

“კოდექსთან დაკავშირებით გაწეულმა სამუშაო შეხვედრებმა გვაჩვენა, რომ ქვეყნის სივრცის დაგეგმვისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის კანონმდებლობით მოწესრიგება აუცილებელი იყო“,- ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა.

მისი თქმით, კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგად, კანონპროექტის საკმაოდ მნიშვნელოვანი და მოცულობითი მასალა გადამუშავდა.

„მიხარია, რომ ეკონომიკის სამინისტროსთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად, ჩვენ ეს გავაკეთეთ და უკვე მეორე მოსმენით განვიხილეთ  კოდექსი. მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგად გადამუშავდა კანონპროექტის საკმაოდ მნიშვნელოვანი და მოცულობითი მასალა, გათვალისწინებულ იქნა დარგის ექსპერტების, დაინტერესებული მხარეების, ბიზნესსექტორის მოსაზრებები და შენიშვნები, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ეკონომიკის სამინისტროს და ირმა ქავთარაძეს.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვების პროცესში გამოიკვეთა კონკრეტული გამოწვევები, რომლებიც რჩება განსჯის და მსჯელობის მიზეზად, თუ როგორ უნდა დაიმკვიდრონ მათ ადგილი საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში. მაგალითად, როგორიცაა ამორტიზებული სახლების თემა, რომლებსაც კულტურული/ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვთ მინიჭებული. მათი მოწესრიგების მექანიზმი კანონმდებლობის კუთხით პრობლემატურია და საჭიროა უფრო მოქნილი რეგულაციების მიღება.

ასევე, განსჯის თემა იყო სანქციების გრადაცია დასახლებების ტიპების მიხედვით, მშენებლობის დაზღვევის თემა, ქვეყნისთვის ერთ-ერთი მტკივნეული საკითხის, დაუმთავრებელი ბინათმშენებლობების სამართლებრივი მოწესრიგების თემა, სასურველია კოდექსი ითვალისწინებდეს მშენებლობის შემდგომი ეტაპის ისეთი საქმიანობების რეგულაციას, რომელიც მოაწესრიგებს შენობა-ნაგებობების საკომუნიკაციო ქსელებით (გაზით, დენით, წყლით) უზრუნველყოფის ღონისძიებას. აღსანიშნავია, რომ  დღევანდელ რეალობაში  ეს პროცესი საკმაოდ ქაოტურია და უმეტეს შემთხვევაში ამახინჯებს ქალაქის ქუჩების იერსახეს. ასევე, დღეს პრობლემას წარმოადგენ ის ფაქტი, რომ გასხვისებულია ისეთი საზოგადოებრივი ტერიტორიები, როგორიცაა ტროტუარები, გზები, გამწვანების ზოლები და სხვა. აქედან გამომდინარე, თავიდან რომ ავიცილოთ აღნიშნულ ტერიტორიებზე რაიმე სახის მშენებლობა, სასურველია კოდექსი ახდენდეს აღნიშნული საკითხის პრევენციას.

აღნიშნული საკითხები საჭიროებს კონსულტაციებს, ამიტომ შეიქმნა კომიტეტთან არსებული „არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო“, რომლის ფარგლებშიც განვიხილავთ და ვიმუშავებთ, ყველა იმ პრობლემატურ საკითხზე, რომელიც არ არის ასახული კოდექსში, ან ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც არის ამ სფეროში. საბჭოსთან კონსულტაციების შედეგად მიიღება გადაწყვეტილება, თუ როგორ უნდა აისახოს ესა თუ ის საკითხი კოდექსში, ან ჩამოყალიბდეს ცალკე კანონად, თუ კანონქვემდებარე აქტად“,- აღნიშნა რომან კაკულიამ.

კაკულიას ინფორმაციით, სამუშაო პროცესის დროს მოწვეულნი იქნებიან სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და დაინტერესებული მხარეები.

„ცალსახად მინდა ავღნიშნო, რომ ამ კოდექსით ძალიან ბევრი წლის განმავლობაში მოუწესრიგებელი საკითხი მოწესრიგდება. კოდექსის მნიშვნელობაზე და საჭიროებაზე ისაუბრეს დეპუტატებმა პლენარულ სდომაზე კოდექსის განხილვის პროცესში და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტსა და ეკონომიკის სამინისტროს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადეს. პარლამენტის წევრებმა საბჭოსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს“,- განაცხადა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები