პრემიერი მეუღლესთან ერთად სომხეთის პირველი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მეუღლესთან ერთად, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და სომეხ ხალხს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილე მიულოცა.
ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურები, მეუღლეებთან ერთად, საზეიმო მიღებას დაესწრნენ, რომელიც სომხეთის პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სიმბოლურია, რომ 100 წლის წინ, საქართველომ და სომხეთმა პირველი დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკა პარალელურად გამოაცხადეს. პრემიერის შეფასებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დღეს ამ ისტორიული მოვლენის აღსანიშნავი მემორიალური აბრის გახსნა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ისტორიული ფესვების მნიშვნელობას, საიდანაც ორი მოძმე ერი მოდის.
„ქვეყნის განვითარების პროცესში სომეხი ხალხი ავლენს დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულებას. სწორედ მსგავსი პრინციპების სადარაჯოზე დადგა ქვეყნის მოსახლეობა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების დროს. საერთაშორისო საზოგადოება თვალყურს ადევნებდა მიმდინარე პროცესებს და მიესალმა სომეხი ერის მიერ გამოვლენილ სიბრძნეს და სანიმუშო ერთობას, დემოკრატიული განვითარებისადმი ერთგულებასა და მშვიდობიანი დიალოგის უნარს. ყოველივე ეს იძლევა რწმენას, რომ მომხდარი ცვლილებები სომხეთის შემდგომი დემოკრატიული განვითარების და წინსვლის მყარი საფუძველი გახდება. ვულოცავ სომეხ ხალხს ამ დიდ წარმატებას. სომხეთის სტაბილურობა და განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც – ორმხრივი, ისე რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტში”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების ნათელი დასტურია ისიც, რომ სომხეთის ახალარჩეული პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პირველი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია. გიორგი კვირიკაშვილმა სომეხ კოლეგას სამომავლო ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის პირადად მისი და საქართველოს მთავრობის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ორი ერის ისტორიულ, მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე, რომელიც დროთა განმავლობაში გაძლიერდა და ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრობლობაში გადაიზარდა.
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ქართულ-სომხური მეგობრობის განვითარებაში სომხური ლიტერატურის დიდი კლასიკოსისა და საზოგადო მოღვაწის ოვანეს თუმანიანის დამსახურებას, რომლის სახლ-მუზეუმსაც ხვალ სომხეთის პრემიერი ეწვევა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ოვანეს თუმანიანის განვლილი ცხოვრების გზა, ქართულ-სომხური მეგობრობის ერთგვარი სიმბოლოა, ხოლო ორი ერის ძმური ურთიერთობის ამსახველ პასაჟებს არაერთი სომეხი და ქართველი მწერლის ნაწარმოები ინახავს.
„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ქართველი და სომეხი ხალხების უნიკალური კულტურა, ენა, ანბანი და ხელოვნება, როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილი. ყოველივე ეს ჩვენი სიმდიდრეა, რომელიც გამოგვარჩევს მსოფლიოს კულტურულ რუკაზე და ერთგვარად უნიკალურს ხდის ჩვენს ქვეყნებს და ჩვენს შორის მეგობრობას. ბუნებრივია, ორმხრივი ურთიერთობები არ ეფუძნება მხოლოდ ისტორიულ წარსულს. მიუხედავად მრავალი გამოწვევისა, საუკუნეებით განმტკიცებული კავშირების საფუძველზე, ჩვენ შევძელით ახალი ტიპის, ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ჩამოყალიბება. 2017 წელს, ჩვენ ვიზეიმეთ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე. ამ წლების განმავლობაში გაღრმავდა და განვითარდა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, კულტურის და მრავალ სხვა სფეროში. რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ შევჩერდეთ მიღწეულზე. მჯერა, რომ საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შესძენს ახალ იმპულსს მომავალი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და განვითარებას, ჩვენი ქვეყნებისა და ერების საკეთილდღეოდ, რისი დასტურიც არის დღეს დილით, სომხეთის პრემიერის ვიზიტის დასაწყისში გამართული ძალიან შინაარსიანი შეხვედრები, მსჯელობა და საკმაოდ ამბიციური განვითარების გეგმები, რომლებიც ვენ პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად დავისახეთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს, ვუსურვებ ჩვენს მოძმე სომეხ ერს განვითარებას, სტაბილურობას, კეთილდღეობას. კიდევ ერთხელ ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრს ამ ძალიან მაღალ პოსტზე დამტკიცებას, ვუსურვებ წარმატებას და დიდი იმედი მაქვს, ჩვენ ერთად კიდევ არაერთ ძალიან მნიშვნელოვან თარიღს ვიზეიმებთ”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ქართველი და სომეხი ხალხის ისტორიულ მეგობრობასა ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა.
ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთსა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილე მიულოცა.
„თბილისი ნამდვილად ჩვენი ხალხების ერთობლივი ცხოვრების ისტორიის ენერგიით აღსავსე ქალაქია. ჩვენი ხალხები ფესვებით არიან დაკავშირებული ერთმანეთთან და ჩვენ დღეს ვალდებულნი ვართ ამ ისტორიის წინაშე, შევქმნათ ერთობლივი ბედნიერი და თავისუფალი მომავალი. სომხეთის პირველი რესპუბლიკის შექმნის ისტორია ნამდვილად სულისკვეთების გამარჯვების ისტორიაა. საქართველო და სომხეთი თითქმის ერთდროულად ზეიმობენ პირველი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს. ვულოცავ სომხეთის პირველ რესპუბლიკას, ვულოცავ ძმურ საქართველოს, ქართველ ხალხს და ძმურ საქართველოს მთავრობას 100 წლის იუბილეს. ვულოცავ ყველას, რომ ჩვენ საუკუნის განმავლობაში, სიძნელეების მიუხედავად აქამდე მოვაღწიეთ. ახლა უკვე ჩვენი ბედისწერა ჩვენს ხელშია და ჩვენ ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გავუშვებთ, ვინაიდან ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. გაუმარჯოს თავისუფლებას, სომხურ-ქართულ მეგობრობას, საქართველოს სახელმწიფოს და სომხეთის რესპუბლიკას, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ თავისუფალ და ბედნიერ სამშობლოში”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
საზეიმო მიღებას თბილისის საკრებულოში საქართველოსა და სომხეთის მთავრობის წევრები, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები