“IRI-ს რეიტინგები შესაბამისობაში არ არის იმ რეალობასთან, რაც არჩევნებზე საზოგადოებამ ხმის მიცემით დააფიქსირა”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე IRI-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევის იმ შედეგებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, მმართველ გუნდს გამოკითხულთა 27% პროცენტი დაუჭერდა მხარს.
როგორც მან აღნიშნა, ეს რეიტინგები ბოლომდე შესაბამისობაში არ არის იმ რეალობასთან, რაც არჩევნებზე საზოგადოებამ ხმის მიცემით დააფიქსირა.
„გარკვეული პროგნოზები თვითმმართველობის არჩევნების წინაც იყო გაკეთებული, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. შესაბამისად, რეიტინგებს არჩევნები გაზომავს, რომლებიც შემოდგომაზე გაიმართება, არჩევნებს დაველოდოთ. ჩვენი საქმე არჩევნებამდე იმ პროექტების განხორციელება და დაპირებების შესრულებაა, რომლებიც საზოგადოებას მივეცით. როდესაც კვლევის შედეგთა სანდოობაზე ვსაუბრობთ, შემიძლია, ეს შედეგები არჩევნების შედეგებს შევადარო. თუ ამ შედარებას გავაკეთებთ, აშკარა ხდება, რომ ეს რეიტინგები მთლად შესაბამისობაში არ არის იმ რეალობასთან, რაც არჩევნებზე საზოგადოებამ ხმის მიცემით დააფიქსირა. ჩვენთვის ყველანაირი კვლევის შედეგი დამხმარე და ძირითადი არსია იმ პროგრამის განხორციელებისა, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჩვენს პროგრამაში იყო. დარწმუნებული ვარ, კვლევის შედეგების რეალური ტესტირება არჩევნებზე მოხდება”, – დასძინა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევამ, მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 27 პროცენტი ხმას პარტია „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 17 პროცენტი კი, – „ნაციონალურ მოძრაობას“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები