“საერთაშორისო სამართლის დარღვევები, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს ხელყოფს, დროებითია”

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სირიის მხრიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ ამ ფაქტის გამო, ქვეყანამ ფარ-ხმალი არ უნდა დაყაროს.
მისივე თქმით, საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევები, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს ხელყოფს, დროებითი მოვლენაა.
„აქ არ ვგულისხმობ მთავრობას მხოლოდ, აქ ვგულისხმობ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ამგვარი უხეში დარღვევები საერთაშორისო სამართლისა, რომელიც ხელყოფს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, არის დროებით მოვლენა. ჩვენ ამის უნდა გვჯეროდეს და ხელჩაკიდებულებმა, არ აქვს მნიშვნელობა რომელ პარტიას წარმოვადგენთ ან ვაძლევთ ხმას, სად ვცხოვრობთ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა, უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ყველგან ხმა მივაწვდინოთ და გავაგრძელოთ სამართლებრივი ბრძოლა. ჩემი პერსონალური აზრია და დავამატებ, რომ რუსეთი, როგორც ჩანს, მწვავედ რეაგირებს სწორედ სამართლებრივ და პოლიტიკურ ბრძოლაზე. რაშიც, კმაყოფილებით შემიძლია ვთქვა, რომ ვართ წარმატებული. ერთ მშვენიერ დღეს, აუცილებლად მოხდება აღნიშნული გადაწყვეტილებების გაუქმება და ქვეყნის გამთლიანება“, – დასძინა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ სირიამ ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობა” აღიარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები