„ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, სტრატეგიულ პარტნიორებთან ახალი მიმართულებების განვითარებაა”

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ფორმატში, საქართველოსთან დიდი ბრიტანეთის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ჯონათან ჯანოგლის შეხვდა. მხარეებმა შეაჯამეს ორმხრივი ვიზიტი და მეგობრობის ჯგუფების სამუშაო დღის წესრიგზე იმსჯელეს, რაც 2017 წლის 7 სექტემბრის ერთობლივ შეთანხმებაშია ასახული.

შეხვედრისას არსებული კავშირების გაძლიერებასა და თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებზე შეთანხმდნენ, რასაც საპარლამენტო დიპლომატიამ უნდა შეუწყოს ხელი.

„ბოლო 2 წლის მანძილზე, საქართველოში, მართლაც ბევრი რამ შეიცვალა და გაკეთდა. თქვენ გაქვთ ხელშესახები პროგრესი და მე მოხარული ვარ მხარი დაგიჭიროთ ყველა იმ მიმართულებით, რისკენაც საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი მიისწრაფვის”, – განაცხადა ჯონათან ჯანოღლიმ.

სოფიო ქაცარავამ ბრიტანეთი-საქართველოს „უორდროპის სტრატეგიულ პარტნიორობას” და მის ფარგლებში, ბევრი მნიშვნელოვანი მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებას გაუსვა ხაზი. „ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები სწორედ სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერობების შენარჩუნება და ახალი მიმართულებების განვითარებაა”, – განაცხადა  მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს და დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების ხელშეწყობის საკითებს.

მხარეებმა ასევე, განიხილეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული გამოწვევი და   „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” – ახალი სამშვიდობო ინიციატივა, რაც ნათლად ასახავს ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკას, რომელსაც მტკიცედ უჭერს მხარს ბრიტანეთის პარლამენტი.

„დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერით და მასთან თანამშრომლობით საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა, რამაც ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს შეუწყო ხელი”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

მხარეებმა ერთობლივად განიხილეს და მიიღეს კომუნიკე, რომელიც მოიცავს ორმხრივი მჭიდრო თანამშრომლობის დადასტურებას, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანებისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ დიდი ბრიტანეთის მხრიდან მხარდაჭერას. კომუნიკე ადასტურებს ერთობლივი ძალისხმევის გამოხატვას საერთო ინტერესებისა და ღირებულებების დაცვის მიმართულებით.

ორი ქვეყნის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შეხვედრაში ეკა ბესელია, კახა კუჭავა, ნატო ჩხეიძე და გელა მიქაძე მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები