პაატა ზაქარეიშვილი: რუსეთმა სირია საკმაოდ სახიფათო და სერიოზულ თამაშში ჩაითრია

ანალიტიკოსმა პაატა ზაქარეიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება შეაფასა და აღნიშნა, რომ რუსეთმა სირია საკმაოდ სახიფათო და სერიოზულ თამაშში ჩაითრია.
“ეს გამოწვევაა საქართველოსთვის, თუმცა თუ ამ ყველაფერს უემოციოდ შევხედავთ, ჩვენ ვნახავთ, რომ ეს აღიარება სავსებით მოსალოდნელი იყო.
კითხვაზე, თუ რომელმა სახელმწიფომ შეიძლება აღიაროს ოკუპირებული ტერიტორიები, პოლიტოლოგები და ექსპერტები ჯერდებოდნენ სირიაზე. შარშან აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ სირიაში, შემდეგ საპასუხო ვიზიტით სირიის პარლამენტის წარმომადგენლები გახლდნენ აფხაზეთში, ცნობილია, რომ ისინი ბოლო ერთი წელი ინტენსიურად ხვდებოდნენ ერთმანეთს მოსკოვში.
სამწუხაროდ, ეს მოლოდინები გამართლდა და აღიარება მოხდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით ძნელია დაადანაშაულო ქართული მხარე, ან საერთაშორისო თანამეგობრობა, რომ ამ ფაქტს ხელი ვერ შეუშალეს. იმდენად დამოკიდებულია სირიის რეჟიმის არსებობა რუსეთზე, რომ იმ დახმარების ფონზე, რაც რუსეთმა მათ გაუწია, ვგულისხმობ რეჟიმის შენარჩუნებას და ოპოზიციის მნიშვნელოვნად შევიწროვებას, სირიას აღიარების გარდა, უბრალოდ სხვა გამოსავალი არ რჩებოდა, ვინაიდან, როგორც ჩანს, ეს რუსეთის ერთ-ერთი პირობა იყო. აღიარება რომ სდომოდა, სირია ამას გაცილებით ადრე გააკეთებდა, მაგრამ ვიდრე მან მეტ-ნაკლები გარანტიები არ მიიღო რუსეთიდან, რაც იმას გულისხმობს, რომ აღარავინ საუბრობს ასადის რეჟიმის გაუქმებაზე, ყველა ამბობს, რომ რეჟიმი საშინელია, ირღვევა ადამიანების უფლებები, იყენებენ ქიმიურ იარაღს, მაგრამ თუ 2-3 წლის წინ ხშირად ჟღერდა, რომ ეს რეჟიმი გასაუქმებელია, თვით თურქეთიც კი კატეგორიულად მოითხოვდა ასადის რეჟიმის გაუქმებას. დღეს ამაზე აღარვინ საუბრობს. ყველა ხვდება, რომ სირიაში შესაძლოა, ის პროცესები დაიწყოს, რაც ლიბიაში მიმდინარეობს.
მთავარია, სირიამ ქიმიური იარაღი არ გამოიყენოს. ამ პოზიციით სირია ცხადია ძალიან კმაყოფილია და ამ აღიარებით მან ერთგვარი მადლიერების ნაბიჯი გადადგა, თუმცა ძალიან დიდი ზიანი მიაყენა თავის პერსპექტივებს. მოგეხსენებათ, სერიოზულ ეჭვქვეშაა სირიის ტერიტორიული მთლიანობა და ამ ფონზე იგი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სხვა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, მითუმეტეს, რომ მას საქართველოსთან მიმართებაში არავითარი ინტერესი არ გააჩნია. ის სახელმწიფოები, რომლებიც რეალურად არიან დაინტერესებულნი სირიის ტერიტორიებით ამ ნაბიჯის შემდეგ უფრო თამამად და მორალურად წელში გამართულები დააყენებენ ეჭვქვეშ სირიის ტერიტორიულ მთლიანობას, ასე რომ რუსეთმა სირია საკმაოდ სახიფათო და სერიოზულ თამაშში ჩაითრია. სირია ვეღარ იქნება სანდო სახელმწიფო, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებს ასრულებს და ეს ყოველივე იმ ფონზე, რომ სირიას ისედაც უამრავი პრობლემები აქვს, ეს გახლავთ ჯერ კიდევ ბოლომდე არ განადგურებული ისლამური სახელმწიფო, სირიის ინტერესი ქურთების მიმართ, ამერიკის ინტერესები ქურთების მიმართ, თურქეთის ინტერესები იგივე ქურთების მიმართ, რომელიც მკვეთრად განსხვავდება თურქეთის ინტერესებისგან, ოპოზიციასთან ურთიერთობები. შეიძლება ითქვას, რომ დღეს მთელი მსოფლიოს პრობლემები დღეს სირიაშია თავმოყრილი”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები