თბილისის იუსტიციის სახლთან 26 მაისის თაღი გაიხსნა (ფოტოკოლაჟი)

როგორ იცვლებოდა ქართული პასპორტი 1918 წლის დემოკრატიული რესპუბლიკის დოკუმენტიდან თანამედროვე  ბიომეტრიულ პასპორტამდე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობის საშუალებას აძლევს – პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით იუსტიციის სახლში 26 მაისის თაღის პრეზენტაცია გაიმართა. ინსტალაცია იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები მიხეილ სარჯველაძე და გიორგი პატარიძე, აგრეთვე, იუსტიციის სახლის დირექტორი გივი აზაურაშვილი, სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი სოსო გიორგაძე.

იუსტიციის სახლის შესასვლელთან აღმართული თაღი იმ გზის სიმბოლოა, რომელიც საქართველომ ერთი საუკუნის განმავლობაში გაიარა ევროპასთან დასაბრუნებლად. თანამედროვე ბიომეტრიული პასპორტის ასაღებად მისულ საქართველოს მოქალაქეებს სიმბოლურად იმავე გზის გავლა მოუწევთ, რაც ქვეყანამ 1918 წლიდან დღემდე განვლო. ინსტალაციაზე დატანილია ინფორმაცია ყველა სამგზავრო დოკუმენტის შესახებ, რომლებითაც საქართველოს მოქალაქეები 1918 წლიდან დღემდე სარგებლობდნენ. სხვადასხვა დროს მოქმედი 6 განსხვავებული სამგზავრო დოკუმენტი მნიშვნელოვნად გამოირჩევა ერთმანეთისაგან და საქართველოს, როგორც ევროპისაკენ მიმავალი ქვეყნის, ტრანსფორმაციას ასახავს.

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პასპორტი ქართულ- და ფრანგულენოვანია. მის ყდაზე საქართველოს გერბია გამოსახული.

საბჭოთა ოკუპაციის პირობებში საქართველოში სხვადასხვა დროს ორი სხვადასხვა პასპორტი მოქმედებდა. 1954 წლიდან ე.წ. ОФ სერიის პასპორტი გაიცემოდა; 1975 წლის 1 ივლისიდან კი, ის საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანმა პასპორტმა შეცვალა, რომლის აღება  ყველასთვის სავალდებულო იყო.

დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის პირველი პასპორტი 1994 წლის 4 აგვისტოს დამტკიცდა და პირველად ამავე წლის 22 ნოემბერს გაიცა. მის ყდაზე ბორჯღალია დატანილი. 2005 წლის 16 აპრილიდან დამტკიცდა 32-გვერდიანი პასპორტი, რომელზეც  საქართველოს გერბია გამოსახული.  2006 წლის 13 ივნისიდან 32-გვერდიან პასპორტთან ერთად შესაძლებელი გახდა 48-გვერდიანი პასპორტის აღება.

ყველაზე დაცული სამგზავრო დოკუმენტი − თანამედროვე პასპორტი − 2010 წლის 15 აპრილიდან გაიცემა. მის მფლობელებს 2017 წლიდან საქართველოს მთავრობისა და იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმების შედეგად ევროკავშირისა და შენგენის ქვეყნებში უვიზო მოგზაურობა შეუძლიათ.

26 მაისის თაღის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ იუსტიციის სახლის სტუმრებმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ასი წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა  დაათვალიერეს. იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული მრავალფეროვანი მასალა  დამოუკიდებლობის აღდგენას, მთავრობის ჩამოყალიბებას, დამფუძნებელი კრების არჩევნებს, პირველი კონსტიტუციის მიღებას და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სხვა მოვლენებს ასახავს. საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით გამოფენა „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა” წლის განმავლობაში საქართველოს ყველა იუსტიციის სახლში იქნება წარმოდგენილი. ამ დრომდე გამოფენა უკვე გაიმართა ლაგოდეხის, გურჯაანის, ყვარლისა და გორის იუსტიციის სახლებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები