ბათუმში ახალგაზრდა კინემატოგრაფისტების საერთაშორისო კინოსკოლა – „თანამეგობრობა“ გაიხსნება
22-27 მაისს, ბათუმში ახალგაზრდა კინემატოგრაფისტების საერთაშორისო კინოსკოლა – „თანამეგობრობა“ გაიმართება. როგანიზატორების ინფორმაციით, მასში მონაწილეობას მიიღებს 50-ზე მეტი კინემატოგრაფისტი 14 ქვეყნიდან. კინოსკოლის გახსნისა და დახურვის სახზეიმო ცერემონიას უმასპინძლებს ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი.
23 მაისს, 17:30 საათზე, დაიწყება გახსნის ცერემონია, ხოლო 26 მაისს, 18:00 საათზე, დაგეგმილია დახურვის ცერემონია და გამაარჯვებულთა დაჯილდოება.
წელს საერთაშორისო კინოსკოლის ფარგლებში იმუშავებს ორი სემინარი – რეჟისორებისთვის და სცენარისტებისთვის. სემინარებს გაუძღვებიან ცნობილი რუსი რეჟისორები: ალექსეი გერმანი-უმცროსი (ფილმით „დოვლატოვი“), ალექსანდრე კოტტი (ფილმით „სპიტაკი“), არტურ ვეებერი (ფილმ „მანდარინების“ პროდიუსერი) და სხვ.
„ახალგაზრდა რეჟისორების შერჩევის პრინციპია მათი მონაწილეობა დიდ საერთაშორისო და ეროვნულ ფესტივალებში. კინოსკოლის მიწურულს გამოვლინდებიან გამარჯვებულები – სარეჟისორო სემინარის მონაწილე მოკლემეტრაჟიანი ფილმების ავტორები. გარდა საკონკურსო და არასაკონკურსო პროგრამებისა, საერთაშორისო კინოსკოლის პროგრამაშია მასტერკლასები; დისკუსიები, „მრგვალი მაგიდები“ და ა.შ“…- აცხადებენ ორგანიზატორები.
კინოსკოლის ფარგლებში მოეწყობა ბაადურ წულაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება.
კინოსკოლას ხელმძღვანელობს ცნობილი კინომცოდნე, რუსეთის კინემატოგრაფიული ხელოვნების აკადემიის წევრი ვიაჩესლავ შმიროვი.
პროექტს საფუძველი ჩაეყარა 2016 წელს. არსებობის მანძილზე, კინოსკოლის საპატიო სტუმრები გახდნენ გამოჩენილი რეჟისორები: ალექსანდრე მინდაძე, ალექსანდრე სოკუროვი, ალექსანდრე რეხვიაშვილი, ალექსეი ფედორჩენკო.
კინოსკოლა ხორცილედება თანამეგობრობის ქვეყნების საერთაშორისო ჰუმანიტარული ფონდის (МФГС) მხარდაჭერით.