დღეს ლევან აბაშიძე 55 წლის გახდებოდა

ლევან აბაშიძე ომში წასვლის პირველივე დღეს დაიღუპა. მას პირველად ეჭირა ცხოვრებაში ავტომატი… ლევანი თავისი ნებით წავიდა აფხაზეთში. იგი თვლიდა, რომ უსამართლობა იყო, მას ვარსკვლავის ცხოვრებით ეცხოვრა, როცა მისი თანატოლები ეწირებოდნენ…
1992 წლის 5 სექტემბერს გადაღებებიდან თბილისში დაბრუნდა, 6 სექტემბერს სოხუმში გაფრინდა და 7 სექტემბერს ბრძოლის ველზე ყუმბარამ იმსხვერპლა… იმ დროს 29 წლის იყო…
გაიელვა ქართული კინოს კაბადონზე და წავიდა… დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
22 მაისს ლევან აბაშიძე 55 წლის გახდებოდა. 14 წლის იყო, სანდროს როლი რომ შეასრულა კინოფილმში – „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“. თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება რომ გადაწყვიტა, ამბობდა, განგების მადლიერი ვარ, რომ მიხეილ თუმანიშვილთან რომ მოვხვდიო…
ხანმოკლე ცხოვრების მიუხედავად, 18 ფილმში მონაწილეობდა, აქედან სამი დაუსრულებელი დარჩა.
1984 წელი – გ. შენგელაიას ფილმი „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“, რომელმაც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ვერცხლის დათვი“ დაიმსახურა;
1975 წელი – ა. რეხვიაშვილის „საფეხური“;
1988 წელი – ტ. კოტეტიშვილის „ანემია“ (რკიევის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო აქტიორული ნამუშევრისთვის მთავარი პრიზით დააჯილდოვეს);
1990 წელი – „ქალაქის ცხოვრება“;
1986 წელი – ლ. ღოღობერიძის „ორომტრიალი“;
1987 წელი – გ. მგელაძის „ფესვები“;
1985 წელი – ტ. კალატოზიშვილის „სკაპენის ოინები“;
1987 წელი – კაიდანოვსკის „სტუმარი“ და სხვა.
ფრანგულმა პრესამ კანის ფესტივალის მიმოხილვაში ლევან აბაშიძე მარლონ ბრანდოს შეადარა…
ლევან აბაშიძე უამრავ გოგონას უყვარდა… ლეგენდას ლეგენდა ემატება, ამბობენ, ერთმა  მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ გაბედა მისთვის სიყვარულის გამხელა და  ფანჯრებთან წარწერა დაუტოვა: „ლევან, მიყვარხარ“. მეორე დილით ამ სიტყვებს ახალი წარწერა დაემატა – „მე უფრო ძალიან მიყვარხარ“, მესამე დილით – „მე ყველაზე ძალიან მიყვარხარ“ და ასე ,დაუსრულებლად…
რაც დრო გადის, სიყვარული მატულობს!

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები