ქართველი ქალის თვითმკვლელობა შვილის დაკავებას უკავშირდება – გოგონას მოხუცისთვის 60 ათასის მოპარვას ედავებიან
„კვირასთვის“ ცნობილი გახდა იტალიაში ქართველი ემიგრანტის თვითმკვლელობის მიზეზი.
თვითმკვლელობამდე, 46 წლის თეა ნიკოლეიშვილი შვილს საპატიმროში შეხვდა, რომელიც იტალიელმა სამართალდამცავებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს.
როგორც იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები აცხადებენ, ქალმა შვილთან დაკავშირებულ სტრესს ვერ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
20 წლის, საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა გოგონა იტალიელმა სამართალდამცავებმა მოხუცის გაძარცვის ბრალდებით დააკავეს.
ფაქტი ტარანტოს პროვინციაში, ქალაქ მარკინა ფრანკაში მოხდა. სწორედ, ამ ქალაქშია დაპატიმრებული ქართველი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 20 წლის გოგომ ის მოხუცი გაქურდა, სადაც თავად მუშაობდა და სახლიდან მამაკაცის დანაზოგი 60 000 ევრო მოიპარა.
მედიის ინფორმაციით, 20 წლის ახალგაზრდამ ეს თანხა საქართველოში გადმორიცხა.
თუმცა, იტალიისა და საქართველოს სამართალდამცველების ერთობლივი მუშაობის შედეგად, თანხა დაიბლოკა და პატრონს უკან დაუბრუნდა.
ქურდობის ბრალდებით დაკავებულის დედის, 46 წლის თეა ნიკოლეიშვილის თვითმკვლელობის შესახებ, ინფორმაცია დღეს გავრცელდა.