მუზეუმების საერთაშორისო დღე კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ფარგლებში აღინიშნება
1977 წლიდან, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს ICOM-ის გადაწყვეტილებით, 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება.
„კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის“ ფეისბუქგვერდის ინფორმაციით, 2018 წელს მუზეუმების საერთაშორისო დღის თემაა: „ჰიპპერდაკავშირებული მუზეუმები – ახალი მიდგომები, ახალი პუბლიკა“. მუზეუმის საერთაშორისო დღის აღნიშვნაში მონაწილე მუზეუმების რაოდენობა მთელ მსოფლიოში მუდმივად იზრდება. 2017 წელს ამ დღესასწაულში 156 ქვეყნის 36 000 მუზეუმი მონაწილეობდა.
წლევანდელი 18 მაისი კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ფარგლებში აღინიშნება, რომელიც 19 მაისს, ტრადიციულად, აქცია-პერფორმანსით „ღამე მუზეუმში“ დასრულდება, სადაც საქართველოს 100-ზე მეტი მუზეუმი მონაწილეობს და დამთვალიერებელს სრულიად უფასოდ მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებენ.
საქართველოში სამუზეუმო ისტორია საუკუნენახევარზე მეტს ითვლის. ყველაზე ადრეული, რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების მუზეუმი 1852 წელს დაარსდა და მას მერე სამუზეუმო საქმიანობა აქტიურად განვითარდა.
დღევადნელი სტატისტიკით, საქართველოში 312 მუზეუმი ფუნქციონირებს. მათგან 272 სახელმწიფო საბიუჯეტო ორგანიზაციაა, ხოლო 40 – კერძო.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შედის 24 მუზეუმი, მათ შორის საქართველოს ეროვნული მუზეუმიც, რომელიც თავის მხრივ 10 მუზეუმს, 3 მუზეუმ-ნაკრძალსა და 4 სახლ-მუზეუმს აერთიანებს.
სამინისტროს ინსტიტუციაა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოც, რომლის დაქვემდებარებაშია 4 მუზეუმი და 13 მუზეუმ-ნაკრძალი.
დედაქალაქში თავმოყრილია 82 მუზეუმი. ამასთან თბილისის მუზეუმების გაერთიანება აერთიანებს 9 მუზეუმს. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კი ფუნქციონირებს 26 მუზეუმი.