ახალქალაქის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქში, ფარავნისწყლის მარჯვენა ნაპირზე, კანიონში მდებარე XIII ს-ის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სტატუსი ძეგლმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის 18 აპრილის ბრძანებით მიიღო.
ეკლესია დგას კანიონში. აგებულია სხვადასხვა ზომის ნათალი ქვით. დარბაზული ტიპის ნაგებობაა. აღმოსავლეთის კედელი კლდეშია შესმული. შესასვლელი ჩრდილოეთიდან აქვს. კარი არქიტრავული გადახურვით სრულდება. ტაძარი განათებულია დასავლეთის თაღოვანი და სამხრეთის სწორკუთხა სარკმლით. აბსიდა ნახევარწრიულია. აბსიდის მხრები პროფილირებული კაპიტელებით სრულდება, რომელზეც კონქის საბჯენი თაღი გადადის. კამარა ნახევარწრიულია და შეკიდულ კაპიტელებზე გადასულ თაღს ებჯინება. გადახურული იყო ლორფინით. ეკლესიას ჩრდილოეთიდან უაბსიდო მინაშენი აქვს, რომელშიც შესასვლელი ასევე ჩრდილოეთიდანაა. მინაშენის აღმოსავლეთ კედელში სწორკუთხა ნიშა უნდა ყოფილიყო, რომლის ქვემოთ, კედელთან სტელის ბაზა დგას ბოლნური ჯვრის გამოსახულებით.
ობიექტი მსგავსია თავისი ეპოქის დარბაზული ეკლესიებისა. გააჩნია ძეგლის შემდეგი მახასიათებლები: სიძველე, არქიტექტურული ფორმა და დეტალები (კაპიტელები, თაღოვანი სარკმლები, რელიეფი, წყობის ხასიათი და გარემოსთან/ლანდშაფტთან ურთიერთ დამოკიდებულება).
ეკლესიას არ შემორჩა სახურავი. კამარაზე ამოსულია მცენარეულობა. მინაშენის კედლები მეტრნახევრამდეა შემორჩენილი. მინაშენის აღმ. კედელში ამოვარდნილია ქვები. ნაგებობა გარედან გათეთრებულია.