17 მაისს რუსთაველის თეატრის სცენა მრავალშვილიან დედებს უმასპინძლებს

17 მაისს, 19:00 საათზე, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე გაიმართება ოჯახის სიწმინდის დაცვის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, რომელიც იმართება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და საზოგადოება „საბურთალოს წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მრავალშვილიანი დედების“ ერთობლივი ორგანიზებით.
„საბურთალოს წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მრავალშვილიან დედათა საზოგადოება“ 2015 წელს ჩამოყალიბდა, ის აერთიანებს 5 და მეტ შვილიან 32 დედას და მათ 205 შვილს.
ორგანიზაციის მიზანია, საქართველოში მრავალშვილიანობის პოპულარიზაცია და ოჯახის სიწმინდის დაცვა.
ღონისძება იმართება თბილისის მერიის მხარდაჭერით და პატრონაჟით.
საზეიმო ღონისძიების დაწყებამდე რუსთაველის თეატრის ფოიეში მრავალშვილიანი დედებისა და მათი შვილების ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. საღამოს წამყვანები წარმოადგნენ მრავალშვილიანი დედების ისტორიებს, მათი შვილები კი საკუთარი წარმატების შესახებ ისაუბრებენ. ღონისძიებაში მონაწილეობენ ცნობილი ქართველი შემსრულებლები.
მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი საზეიმოდ დააჯილდოვებს 13 შვილის დედას, გადასცემს მას მწერალთა კავშირის წევრობის საპატიო მოწმობას პოეტური კრებულის – „ცოლი შენი, ვითარცა ვენახი მსხმოიარე“ გამოცემისთვის.
საზეიმო ღონისძიებაზე მოწვეული არიან საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, თბილისის მერიისა და თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, მრავალშვილიანი დედები სხვადასხვა რეგიონიდან, ბავშვთა და დედათა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები.
მრავალშვილიანი ოჯახები ღონისძიების დაწყებამდე მოაწყობენ მსვლელობას, რის შემდეგაც მსვლელობის მონაწილეებს სამების საკათედრო ტაძარში უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დააჯილდოვებს „მამულისთვის თავდადებულის“ წოდებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები