მწერალთა სახლის ბაღში „რეაქტიული კლუბის” საღამო გაიმართება

14 მაისს, 22:00 საათზე მწერალთა სახლის ბაღში “რეაქტიული კლუბის” საღამო გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, თბილისის IV საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში, ყოველ საღამოს  ქართული პოეტური გაერთიანებების რეტროსპექტივა გაიმართება.

რეაქტიული პოეზია
(კრებულის წინასიტყვაობა)

300 000 კმ/წმ სიჩქარის ის ზღვარია, როცა დრო ქრება. პოეტის სიცოცხლე ამ ზღვარზე გადის. პოეტი კოსმონავტია; მას უყვარს სისწრაფე, ამიტომ მისი ლექსი რეაქტიულია. რეაქტიულ ლექსს დამანგრეველი ძალა აქვს, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ მუზეუმების
დანგრევას და წიგნების დაწვას, რადგან წარსულის უარყოფა საკუთარი თავის უარყოფას ნიშნავს, ამავე დროს, წინააღმდეგნი ვართ ტრადიციისადმი ფეტიშისტური დამოკიდებულების. ჩვენი მიზანია, გამოვაღვიძოთ ენაში ის რთული ატონალური მოტივი, რომელიც მხოლოდ ხალხურ მუსიკაშიღა იჩენს თავს. რეაქტიულმა ლექსმა უნდა ააჩქაროს ასოციაციების, მხატვრული სახეების ინტენსიობა, მიუახლოვდეს სისწრაფის იმ ზღვარს, როცა დრო ქრება, რადგან უკვდავების შემეცნება იმის გარანტიაა, რომ ადამიანი სიკვდილის არარსებობაში დარწმუნდეს და სხვისი სიკვდილით დასჯა აბსურდად მიიჩნიოს.
რეაქტიული პოეზია მშვიდობის პოეზიაა და მიმართავს ახალ ადამიანს, რომელიც, რომანტიული გამოტირების და აპათიის ნაცვლად, აცნობიერებს მსოფლიოს კატასტროფულ მდგომარეობას, დარწმუნებულია საკუთარ აუცილებლობაში. თავისი მოქმედებით ის ვალს არ იხდის რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან რელიგიის წინაშე – მოქმედება მისი სიცოცხლეა. რეაქტიული ხელოვნება დესტრუქციის გზით აღწევს ტრადიციის კონსერვირებულ გარსში და ჭეშმარიტ ფესვებზე აღმოცენდება. დესტრუქცია მეთოდია და არა მიზანი.

ირაკლი ჩარკვიანი, კოტე ყუბანეიშვილი,
1991

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები