ბიძინა ივანიშვილი: პრემიერის შეცვლას არცერთ შემთხვევაში არ ვაპირებ
პრემიერის შეცვლას არცერთ შემთხვევაში არ ვაპირებ, – ასე უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა.
პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დღეს რიგით მეხუთე ყრილობა გამართა, სადაც ბიძინა ივანიშვილი დელეგატებმა ერთხმად აირჩიეს პარტიის თავმჯდომარედ, მანამდე კი აღნიშნულ პოსტს გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა.
დღეს გამართულ ყრილობაზევე მოხდა ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობის დამტკიცებაც, რომლის შემადგენლობაშიც არიან პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობისა და მინისტრთა კაბინეტის წევრები. მათ შორის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახლად დანიშნული მინისტრი, მაია ცქიტიშვილი.