დიმიტრი ლორთქიფანიძე: ნარკოტიკების გამავრცელებლებს ისე უნდა მოვექცეთ, როგორც მტერს მოვექცეოდით ბრძოლის ველზე

პარლამენტის ყოფილი წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ ნარკოტიკების გამავრცელებელ ჯგუფს ისე უნდა მოვექცეთ, როგორც მტერს მოვექცეოდით ბრძოლის ველზე. მისივე თქმით, სიკვდილით მოვაჭრე სიკვდილს იმსახურებს.
“ბოროტებაა, როდესაც ნარკოტიკულ საშუალებას მსუბუქ და მძიმე ნარკოტიკებად ვყოფთ. ბევრს ეგონა, რო მარიხუანა მსუბუქი ნარკოტიკია, მაგრამ სინამდვილეში, მასში შემავალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, პირველ ყველაზე ძლიერმოქმედ ჰალუცენოგენების ჯგუფს განეკუთვნება და, შესაბამისად, ის ვერ ჩაითვლება მსუბუქ ნარკოტიკად. კლუბური ნარკოტიკებიც ასევე ლამაზად ჟღერს, რომელიც საშინელ დამოკიდებულებას იწვევს, ადამიანს აცლის ენერგიას და იმ სინთეტიკური მინარევებიდან გამომდინარე, არც თუ იშვიათად, იწვევს ლეტალურ შედეგს. მე როცა განვაცხადე, რომ ნარკო-გამსაღებლები სიკვდილით უნდა დაისაჯნონ, ბანალურად არ მითქვამს, სიკვდილით მოვაჭრეებს, – სიკვდილი! ეს იმას ნიშნავს, რომ თამასა უნდა ავწიოთ უმაღლეს ნიშნულამდე. ზუსტად ისე უნდა მოვექცეთ “ბარიგებს” და მათ უკან მდგომ ორგანიზებულ დანაშაულ ჯგუფებს, როგორც მოვექცეოდით მტერს ბრძოლის ველზე”, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
მისივე თქმით, პირი რომელიც ნარკოტიკულ საშუალებას ყიდულობს და შემდეგ მოიხმარს სხვა პირებთან ერთად, რომლებიც ასევე იყვნენ ნარკოტიკების შეძენით დაინტერესებულები და შეკრიბეს საჭირო თანხა, ისიც, რა თქმა უნდა, ნარკოგამსაღებელია.
“ბოლო პერიოდში ნარკოტიკების გასაღების დახვეწილი ტექნოლოგიების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ინტერნეტი კარგი საშუალება აღმოჩნდა ნარკოტიკების გავრცელებისთვის. პირი რომელიც თავად არის მომხმარებელი და დაკავშირებულია სხვა პირებთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან ნარკოტიკების შეძენით, დაახლოებით 5-6 ადამიანი კრებს საჭირო თანხას და ეს ერთი ადამიანი ყიდულობს, მაგრამ მათ რომ შეეკითხო, არის თუ არა ეს ადამიანი გამსაღებელი, გეტყვიან რომ არა. სინამდვილეში ის, რა თქმა უნდა, არის ‘ბარიგა”. პარალელურად, ის შუამავალიც არის, ამიტომ ეს კატეგორიები უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება, არეულია ერთმანეთში”,-აღნიშნა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
მისივე თქმით, ბავშვებმა თავიდანვე უნდა იცოდნენ, რომ ნარკოტიკებთან ერთად ცხოვრება გარდაუალი კრახია მათი შემდგომი სოციალური განვითარების კუთხით.
“ბავშვებმა თავიდანვე უნდა იცოდნენ, რომ ნარკოტიკებთან ერთად ცხოვრება გარდაუალი კრახია მათი შემდგომი სოციალური განვითარების კუთხით. ამ მხრივ გარკვეული ტიპის დესოციალიზაცია მუშაობს სხვადასხვა ქვეყანაში. სკოლის მერხიდანვე უნდა იყოს ბავშვებისთვის თვალსაჩინო, თუ რა შედეგამდე მიყავს ადამიანი ნარკო-მოხმარებას”,-განაცხადა პარლამენტის ყოფილმა წევრმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები