“წარმოუდგენელია, რომ ლომბარდიდან, მიკროსაფინანსოდან ან თუნდაც ბანკებიდან, სამომხმარებლო სესხით აღებული კრედიტებით, ადამიანები ბიზნესს ააწყობენ”

ეკონომიკურმა ანალიტიკოსმა, მერაბ ჯანიაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა და ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის ახალ ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც ლომბარდებში როგორც ავტომობილების, ასევე უძრავი ქონების ე.წ. დალომბარდების აკრძალვას ეხება. მისი თქმით, ამ მხრივ მახინჯი პრაქტიკაა დამკვიდრებული და ის, რომ ლომბარდში, მიკროსაფინანსოში ან თუნდაც ბანკებიდან, სამომხმარებლო სესხით აღებული კრედიტებით, ადამიანები ბიზნესის აწყობას შეძლებენ, წარმოუდგენელია.
“რაც შეეხება ლომბარდებს, ამ შემთხვევაშიც არ გვაქვს კარგი პრაქტიკა, იქ გარკვეული მცირე ღირებულების ნივთების დალომბარდება უნდა ხდებოდეს, მაგრამ როდესაც საუბარია მაგალითად, ბინის დალომბარდებაზე იპოთეკური სესხით, გაცილებით მეტი თანხის მიღება შეიძლება. თუმცა, თუ ბინის დალომბარდებით ბიზნესს ვიწყებთ, დაახლოებით 80%-იან სესხს ავიღებთ, რომლის პროცენტებს ვიხდით და ძირი არ აკლდება, ასეთი რა ბიზნესი უნდა იყოს, რომ სესხიც გადავიხადოთ და მოგებაც დაგვრჩეს, ძნელი წარმოსადგენია. ამიტომ ის, რომ ლომბარდში, მიკროსაფინანსოში ან თუნდაც ბანკებიდან, სამომხმარებლო სესხით აღებული კრედიტებით, ადამიანები ააწყობენ ბიზნესს, ტყუილია. ვინც იწყებს, ყველა კოტრდება, წარმოუდგენელია, ამხელა პროცენტი გადაიხადო და თან ბიზნესი განავითარო. მაგალითად, ამერიკაში დამწყები ბიზნესმენებიდან 10-დან 7 კოტრდება პირველივე წელს და 10-დან 9 კოტრდება პირველ სამ წელიწადში. ჩვენთან, დარწმუნებული ვარ, უფრო ცუდი სიტუაციაა.
ბიზნესის დასაწყებად როდესაც ხდება ქონების ჩადება და ის ბიზნესი კოტრდება, უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება ადამიანი, რადგან კარგავს ბიზნესსაც და ქონებასაც. შესაბამისად, ეს ბიზნესის წარმოების სურვილსაც კლავს ქვეყანაში.
როგორც დაანონსდა, კაპიტალის უზრუნველყოფის რეფორმა ძალიან კარგი იქნება დამწყები ბიზნესმენებისთვის, ეს ხალხი შეძლებს, ბიზნესის დასაწყებად აიღონ ბიზნეს-სესხი და არა სწრაფი სესხი ან სხვა რაიმე. ანუ იმ პროცენტებში, რა პროცენტებშიც დღეს მიკროსაფინანსოები, ლომბარდები და ბანკები გასცემენ სწრაფ სესხებს, ამ სესხების გადახდა შეუძლებელია, ლეგალური ბიზნესის წარმოების შემთხვევაში”,-აღნიშნა მერაბ ჯანიაშვილმა.
მისივე თქმით, გარკვეული რეგულაციები მიკროსაფინანსოებზეც უნდა გავრცელდეს, რადგან ზოგადად, საკრედიტო ბაზარზე არსებული სიტუაცია გაუმართავია, განვითარებულ ქვეყნებში მიკროსაფინანსოები დაბალი პროცენტით უწევენ ბანკებს კონკურენციას, მაგრამ ჩვენთან პირიქითაა.
“მე მიმაჩნია, რომ მიკროსაფინანსოებზეც უნდა გავრცელდეს გარკვეული რეგულაციები. იმიტომ, რომ ჩვენ ზოგადად მახინჯი პრაქტიკა გვაქვს საკრედიტო ბაზარზე შექმნილი, როდესაც მიკროსაფინანსოები ლომბარდებად არის გადაქცეული. განვითარებული ქვეყნების მაგალითებს რომ გადავხედოთ, საერთოდ რა ფუნქცია აქვთ მიკროსაფინანსოებს, ვნახავთ, რომ მოკლევადიან დაბალპროცენტში გასცემენ სესხებს, ამით უწევენ ბანკებს კონკურენციას და ჩვენთან პირიქითაა. როდესაც ხდება სესხის გაცემა რაღაცის უზრუნველყოფით, სესხი გაიცემა ამ ქონების მხოლოდ მესამედი, შესაბამისად, მიკროსაფინანსოები დაინტერესებულები არიან, რომ მომხმარებელმა ვერ გადაიხადოს სესხი, რადგან ასეთ შემთხვევაში უფრო მეტ შემოსავალს მიიღებენ”, – განაცხადა ეკონომიკურმა ანალიტიკოსმა, მერაბ ჯანიაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ “ფეისბუქზე” პირდაპირი ჩართვის დროს, ლომბარდებისთვის დაწესებულ ახალ რეგულაციებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ლომბარდებს უნდა აეკრძალოთ როგორც მანქანების, ასევე უძრავი ქონების მიღება და მათი საქმიანობის სფერო უნდა იყოს მკაცრად განსაზღვრული და არ უნდა მოიცავდეს ე.წ. რეგისტრირებულ ქონებას. მინისტრის ინფორმაციით, ახალი რეგულაციების ამოქმედება მაისშივე მოხდება.
მისივე თქმით, მოქალაქეებს თავიანთი განკარგვადი შემოსავლის 70-80%-ის კრედიტის მომსახურებაში გადახდა არ უნდა უწევდეთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები