როგორ აფასებს პრეზიდენტის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხს ვახტანგ ძაბირაძე

პოლიტოლოგი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე, პარლამენტში, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ მოხსენებით გამოსვლისას და შემდგომ განვითარებულ პროცესებს აფასებს.

როგორც ძაბირაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ისეთი მძიმე ბრალდება, როგორიც კორუფციაა, შესაძლოა გახდეს იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი, თუმცა პოლიტოლოგი ამბობს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ასე არ მოხდება.

“როდესაც საუბარია იმპიჩმენტზე, ერთი რამ უნდა ითქვას, პარლამენტის თავმჯდომარემ თეორიულად დაუშვა, მას პირდაპირ არ წაუყენებია ბრალი პრეზიდენტისთვის და არ უთქვამს, რომ ის კორუფციაშია დამნაშავე და ა.შ., მაგრამ მეორეს მხრივ, როდესაც ასეთი თანამდებობის პირი აკეთებს თუნდაც თეორიულ განცხადებას, გაწერილია იმპიჩმენტის პროცედურა, ამისათვის სულაც არ არის საჭირო წინასწარი რაიმე დასკვნების გაკეთება, საჭიროა პარლამენტართა ხმების გარკვეული ოდენობა, შემდეგ ეს მიდის სასამართლოში და თუ ბრალდება დასტურდება, იმპიჩმენტის პროცედურა გრძელდება. თუ ბრალს უყენებ პრეზიდენტს, მაშინ სჯობს, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო, მაგრამ ვთვლი, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არც ძიება მოჰყვება და არც სერიოზული განხილვა“, -განაცხადა ძაბირაძემ.

მისი თქმით, როგორც პრეზიდენტი, ასევე უმრავლესობის წარმომადგენლები, უნდა შეეცადონ, რომ თავიანთ ქმედებებს რიგითი ადამიანების პოზიციიდან შეხედონ და ისე მიიღონ გადაწყვეტილებები.

„რიგითი ქართველი როცა იმას უყურებს რაც პარლამენტში მოხდა, ის თვლის, რომ არც პრეზიდენტი, არც პარლამენტი, არც მთავრობა მასზე და მის პრობლემებზე არ ფიქრობს“, -აღნიშნა ძაბირაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისკენ მოუწოდებს.

რეგლამენტი ზედმიწევნით იციან და კონსტიტუციაც ეცოდინებათ -არსებობს იმპიჩმენტის პროცედურა და როდესაც ქვეყნის მეორე თანამდებობის პირი უმძიმეს ბრალდებებს უყენებს ქვეყნის პირველ პირს – საქართველოს პრეზიდენტს, აუცილებელია, უბრალოდ ამას ხალხის და ქართული სახელმწიფოს პრესიტიჟი ითხოვს, რომ ამის თაობაზე დაიწყოს იმპიჩმენტის შესაბამისი პროცედურა.

სხვა შემთხვევაში, ჩვენ დავინახავთ იმას, რომ ან მართლაც უპასუხისმგებლო განცხადებებს ვისმენთ ყოველდღიურად და ამით ვსტრესავთ და შეურაცხყოფას ვაყენებთ ქართულ საზოგადოებას, ან უბრალოდ ვაკეთებთ განცხადებას და მერე არ გვაქვს უნარი, რომ ამ განცხადებებს ბოლომდე მივდიოთ“, –განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

მანამდე პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა, რომ პატიმრების შეწყალების საქმეში მარგველაშვილს, შესაძლოა, პირდაპირი ინტერესი ჰქონდეს.

„მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა ასეთი რამ: პრეზიდენტის ამ პრაქტიკას შეიძლება ჰქონდეს სამიდან ერთ-ერთი საფუძველი. ეს არის: პირველი – თეორიული ვარიანტი: უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, ეს არის ყველაზე რბილი ვერსია; მეორე – ეს არის კორუფცია – თეორიულად ამასაც ვერ გამოვრიცხავთ; და მესამე, ეს არის სამართალდამცავი სისტემის მიზანმიმართული ნგრევა. სამიდან ერთ-ერთი საფუძველი უნდა ჰქონდეს იმ პრაქტიკას, რომელიც აქვს ჩამოყალიბებული ჩვენს ქვეყანაში, შეწყალების კუთხით, საქართველოს პრეზიდენტს“, -აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები