ნარკოლოგი კლუბების მეპატრონეებს მიმართავს

ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე, კლუბების მეპატრონეებს, თანამშრომლების დატრენინგებისკენ მოუწოდებს, რათა მათ, ზედოზირების ფაქტის შემთხვევაში, ადამიანებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა შეძლონ.

შესაბამისი განცხადება ზურაბ სიხარულიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„მინდა მივმართო კლუბების მეპატრონეებს, – აუცილებლად გადაამზადონ თანამშრომლები, რათა ზედოზირების ფაქტის შემთხვევაში, მათ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა შეძლონ ადამიანებისთვის. ეს მიმართვა ეხება ყველა სივრცეს, სადაც კი შესაძლებელია იყოს ნარკოტიკის მოხმარების ალბათობა. ამასთან, აუცილებლად შეიძინონ ნალოქსონი, თუ საქმე გვაქვს სინთეზურ ნარკოტიკ კარფენტანილთან, ნალოქსონი აუცილებლად გადაარჩენს ადამიანების სიცოცხლეს“, – განაცხადა ზურაბ სიხარულიძემ.

მან ასევე მედიასაც მოუწოდა, ნუ გაავრცელებენ დაუზუსტებელ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის ნარკოტიკულ ნივთიერებას შეიძლება გამოეწვია ლეტალური შედეგი და ინტოქსიკაცია.

„ჟურნალისტების მხრიდან უნდა მოხდეს სწორი ინფორმაციის მიწოდება, არ შეიძლება კონკრეტულ ნივთიერებაზე საუბარი, რადგან ეს დამატებით რეკლამირებას ახდენს. შესაძლოა, ადამიანებს გაუჩნდეთ ინტერესი ამა თუ იმ ნივთიერების მოხმარების თაობაზე. შესაბამისად, სწორი და დაზუსტებული ინფორმაცია უნდა იქნას მიწოდებული“- აღნიშნა ზურაბ სიხარულიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები