მარიამ ჯაშმა კონფერენციის – „სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები” გახსნაში მიიღო მონაწილეობა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, გუგული მაღრაძესთან ერთად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში – „სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები” გახსნაში მიიღო მონაწილეობა.
როგორც „კვირას“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, კონფერენციის მიზანი იყო საზოგადოებისა და განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელთა ინფორმირება წიგნიერების, ქართულის, როგორც მეორე ენის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლა-სწავლებაში არსებული მდგომარეობის შესახებ.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო კვლევის შედეგები, რომელიც აჩვენებდა ქართველი მოსწავლეების წიგნიერების დონეს, იმ ცოდნასა და უნარებს, რომელსაც ფლობენ მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში, ამ მაჩვენებლების დინამიკას 2006-2016 წლებში, ასევე, ქართველი მოსწავლეების მიღწევებს გლობალურ კონტექსტში.
კონფერენციაზე იმსჯელეს ეროვნული უმცირესობების მიერ ქართული ენის ათვისების საკითხებზე და იმ გარემოებებზე, რომელიც მასზე გავლენას ახდენს, ასევე, ეროვნული უმცირესობების მიერ მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების ათვისების მაჩვენებლებზე.
„ძალიან მიხარია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სისტემატურად მართავს მონიტორინგისა და შეფასების კუთხით მნიშვნელოვან ფორუმებს, განხილვებს. როდესაც ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ გავატაროთ მტკიცებულებაზე დაფუძნებული, არგუმენტირებული სახელმწიფო პოლიტიკა, პირველ რიგში, ვგულისხმობთ მუდმივი შეფასებისა და მონიტორინგის შესაძლებლობებს, მათ შორის, კვლევებს, რომელთა კონკრეტული შედეგები და რეკომენდაციები უნდა იყოს მსჯელობის საგანი, როგორ შეიძლება დაიხვეწოს, როგორც პოლიტიკა, ასევე, კონკრეტული პროგრამები, სახელმძღვანელო მიდგომები, როგორც სკოლაში, ასევე, განათლების სხვადასხვა ეტაპზე. ამგვარად, თითოეული კვლევა, რომელიც ჩატარებულა განათლების სისტემაში, ჩვენთვის არის უაღრესად საყურადღებო”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მისი თქმით, ის მზად არის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, დაიწყოს მუშაობა კვლევის შედეგად წარმოჩენილი პრობლემების მოგვარების საკითხებზე.
„მე მინდა, დაგიდასტუროთ, რომ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც იქნება ასახული შესაბამის კვლევებში, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული იმ სახელმწიფო პოლიტიკასა თუ საკანონმდებლო ინიციატივებში, რომელიც უკვე პარლამენტის დონეზე იქნება განხილული. დღევანდელი განხილვის შემდგომ, ჩემს კოლეგებთან ერთად, უზრუნველვყოფ, რომ მსგავსი შემაჯამებელი პრეზენტაცია გაკეთდეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტშიც და ჩვენს კოლეგებთან ერთად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან, სამუშაო რეჟიმში გადავიტანოთ შემდგომი გაუმჯობესების საკითხები”, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები