თამარ ჩუგოშვილი: შეწყალების საკითხზე გამოძიების დაწყების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს

პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა პრეზიდენტის მიერ შეწყალების საკითხებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არც ამ საკითხზე და არც გიორგი მარგველაშვილის რომელიმე სხვა საქმიანობასთან დაკავშირებით, არანაირი გამოძიება არ იწყება. მისივე თქმით, პარლამენტში პოლიტიკური დებატების დროს, განცხადებები შეწყალების პოლიტიკის პრობლემურობასთან დაკავშირებით გაკეთდა და ამაზე არანაირი სამართლებრივი რეაგირების საფუძველი არ არსებობს.

“ამაზე ჩვენი მხრიდან საუბარი არ ყოფილა და ვისი მხრიდან იყო, არ ვიცი. საერთოდ, საიდან გაჩნდა გამოძიებაზე საუბარი, მე ეს ინფორმაცია არ მაქვს. ჩვენ გვქონდა პოლიტიკური დებატები პარლამენტში და ყველა შეფასება, რაც გაკეთდა, იყო პოლიტიკური შინაარსის შეფასებები და არა სამართლებრივი. არანაირი გამოძიება არ იწყება, არც შეწყალებასთან და არც მის რომელიმე სხვა საქმიანობასთან დაკავშირებით, გამოვრიცხავ ამას. პარლამენტის თავმჯდომარემ, ისევე როგორც ბევრმა სხვა დეპუტატმა, გააკეთა განცხადებები შეწყალების პოლიტიკის პრობლემურობასთან დაკავშირებით. დიდი ხანია ამაზე ვსაუბრობთ. ვიმეორებ, ეს იყო პოლიტიკური განცხადებები და არანაირი სამართლებრივი რეაგირების საფუძველი არ არსებობს და ყველანაირ გამოძიებაზე საუბარი არის ზედმეტი”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები