კახა კალაძე: არანაირი პარალიზება არ მოხდება, მეტრო იმუშავებს

არანაირი პარალიზება არ მოხდება, მეტრო იმუშავებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეტროს გაჩერება არ მოხდეს – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა.
მისი თქმით, არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, რაიმე თანხების მატებაზე საუბარი შეუძლებელია.
კალაძის განცხადებით, არიან ადამიანები, რომელთა ხელფასი მეტროპოლიტენის თანამშრომლების ხელფასთან შედარებით გაცილებით ნაკლებს – 400, 700, 800 ლარს შეადგენს, მაშინ როდესაც მეტროპოლიტენის თანამშრომელთა ხელფასები დაახლოებით 1 300-1400 ლარია.
„არანაირი პარალიზება არ მოხდება, მეტრო იმუშავებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეტროს გაჩერება არ მოხდეს. გაფიცვა მათი კონსტიტუციური უფლებაა. უბრალოდ, ადამიანურად ასეთი მიდგომები გულდასაწყვეტია და ძალიან ცუდი. ჩვენ გვყავს ადამიანები, რომელთაც არანაკლები პასუხისმგებლობა აქვთ და იმ ადამიანებს აქვთ გაცილებით ნაკლები ხელფასი. თუმცა, მომდევნო წლების განმავლობაში, როდესაც უკეთესი ეკონომიკური ზრდა და უფრო მეტი შესაძლებლობები იქნება, რა თქმა უნდა, ხელფასის მომატება იქნება ყველა მიმართულებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
3 მაისს, დილიდან შესაძლოა, თბილისის მეტროპოლიტენმა მუშაობა შეწყვიტოს. ამის შესახებ მეტროპოლიტენის ალტერნატიული პროფკავშირების „ერთობა 2013-ის“ წევრებმა მეტროსადგურ „რუსთაველთან“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
მემანქანეთა პროფკავშირ „ერთობა 2013“-ის წევრების თქმით, მემანქანეები შრომის ანაზღაურებას საათობრივად იღებენ, რაც 6,92 ლარის შეადგენს. ისინი ხელფასის 10 ლარამდე გაზრდას უკვე ორი წელია ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები