კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება პარტიას გააძლიერებს

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ქრონიკასთან” ისაუბრა. მისი თქმით, ყოფილი პრემიერმინისტრის პოლიტიკაში დაბრუნება პარტიას უფრო გააძლიერებს.
„ეს ადამიანი პირველივე დღეებიდან, 2012 წელსაც ამბობდა, რომ მოიგებდა არჩევნებს და არჩევნების შემდეგ თანამდებობას დატოვებდა. ეს მაშინ ყველასთვის გაუგებარი იყო, რადგან მაღალი თანამდებობებიდან ადამიანები საკუთარი ნებით არ მიდიან. თუმცა მან ეს დაპირება შეასრულა.
რაც შეეხება ახლა მის დაბრუნებას; ეს ნამდვილად მისასალმებელია. ეს პარტიას კიდევ უფრო მეტად გაძლიერების საშუალებას მისცემს.
კავკასიის რეგიონში და ევროპაში საქართველო, ეკონომიკური და სტაბილურობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. სტანდარტი, რომელიც ჩვენმა გუნდმა დაამკვიდრა, ცხადია, უფრო უნდა გაძლიერდეს და განვითარდეს, მაგრამ შეუძლებელია წარმატებაზე საუბარი, თუ ჩვენი პარტია არ იქნება ძლიერი.
ცხადია, რომ ეკონომიკა წინ მიდის, დემოკრატიული ინსტიტუტები ვითარდება, მაგრამ ჩვენ გვინდა უკეთესი შედეგი.
უნდა ვაღიაროთ, რომ ქვეყანაში პარტიის კულტურა და პარტიული მუშაობის პრინციპი არ არსებობს.
მე ვარ პარტიის გენერალური მდივანი, ამასთან, დედაქალაქის მერი, მაგრამ უნდა ითქვას, რომ არ მაქვს რესურსი, სრულად ვიყო გადართული პარტიულ მშენებლობაზე.
ამიტომაა მნიშვნელოვანი ბატონი ბიძინას პოლიტიკაში დაბრუნება, – ამით მმართველობაში პარტიის როლი გაძლიერდება.

არანაირი დაპირისპირებული ფრთები არ არსებობს ჩვენს პარტიაში. ცხადია, გარკვეულ საკითხებზე არის აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ეს ნორმალური პროცესია. ჩვენ გამოვედით იმ მდგომარეობიდან, როცა ერთი ადამიანი მართავდა ყველაფერს” – თქვა კალაძემ.
პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 26 აპრილს განმარტა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მიიღო პრემიერისა და პარტიის სხვა ლიდერების წინადადება და ის პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები