“მნიშვნელოვანია იმ ადამიანების წვლილი, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ გვერდით დაუდგნენ”

0

“მნიშვნელოვანია იმ ადამიანების წვლილი, რომლებმაც ყველაზე რთულ პერიოდში მიიღეს გადაწყვეტილება და დაუდგნენ გვერდით პარტიას და მის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს, როდესაც მან მიიღო გადაწყვეტილება, შეეცვალა რეალობა ქვეყანაში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ ქუთაისის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებს და იმედი გამოთქვა, რომ პარტიული ორგანიზაცია კიდევ უფრო გაძლიერდება.
„თითოეული თქვენგანის როლი და წვლილი იმ წარმატებაში, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია, უმნიშვნელოვანესია. მინდა, ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ. რა თქმა უნდა, ეს გზა ყოველთვის ვარდებით მოფენილი არ არის – არის წარმატებები, არის შეცდომებიც, მაგრამ მთავარია ის, რომ ჩვენ თანიმდევრულად, ადამიანის, ხალხის სიყვარულით ვაკეთებთ იმ საქმეს, რასაც ჩვენი ქვეყნის საქმე ჰქვია და რაც ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას და ეკონომიკურ ძლიერებას უკავშირდება. იმედს გამოვთქვამ, რომ პარტიული ორგანიზაცია კიდევ უფრო გაძლიერდება. ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი პარტიის არსებობა. მნიშვნელოვანია იმ ადამიანების წვლილი, რომლებმაც ყველაზე რთულ პერიოდში მიიღეს გადაწყვეტილება და დაუდგნენ გვერდით პარტიას და მის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს, როდესაც მან მიიღო გადაწყვეტილება, შეეცვალა რეალობა ქვეყანაში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იმ ადამიანების წვლილი, რომლებიც შემდგომში შემოუერთდნენ პარტიას. პარტია მუდმივად უნდა იყოს განახლების პროცესში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმ ადამიანების წვლილის დავიწყებას, რომლებიც “ქართულ ოცნებას” პირველივე დღიდან გვედრში ედგნენ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მან ხაზი გაუსვა ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას პარტიული ორგანიზაციის მუშაობაში.
„ახალგაზრდები არიან სწორედ ის ადამიანები, რომლებსაც ყველაზე ნაკლებად უჭირთ თამამი გადაწყვეტილებების მიღება, არასტანდარტული აზროვნება და სწორედ ეს გვჭირდება დღეს, რათა ჩვენი ქვეყანა სწრაფი ნაბიჯებით წავიდეს წინ“, – დასძინა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი