ბრიტანეთში გამოცემული წიგნის ქართული თარგმანის წარდგენა გაიმართება
25 აპრილს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, გაიმართება ლონდონში მოღვაწე მკვლევრის, ერიკ ლის წიგნის – „ექსპერიმენტი, მივიწყებული ქართული რევოლუცია” პრეზენტაცია.
როგორც „კვირას“ ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, ერიკ ლის ეს ნაშრომი 2017 წელს გამოიცა ბრიტანეთში. გამომცემლობა „პოეზიის” ინიციატივითა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, ის მალევე ითარგმნა და დაიბეჭდა ქართულ ენაზე. წიგნის გამომცემელი რედაქტორია ნატო ალხაზიშვილი, მთარგმნელი – ქეთი ქანთარია, რედაქტორი – პროფ. გიორგი მამულია.
ნაშრომი მოგვითხრობს საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ (1918-1921). ავტორი საქართველოს განიხილავს, როგორც მსოფლიოს პირველ ქვეყანას, სადაც სოციალ-დემოკრატიული პარტია ხელისუფლებაში მოვიდა არჩევნების გზით. წიგნი მიზნად ისახავს დაანახოს მკითხველს, როგორი შეიძლება ყოფილიყო სოციალ-დემოკრატიული სახელმწიფო, რომ არა ბოლშევიკების გამანადგურებელი ჩარევა. ავტორი აღწერს დამოუკიდებლობის სამი წლის მანძილზე საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, განიხილავს საზოგადოებრივ-ეკონომიკურ გარემოს, პროფესიული კავშირებისა და კოოპერაციების სფეროში არსებულ ვითარებას.
აღნიშნული წიგნის პრეზენტაცია ეხმაურება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს.
მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, საბჭოთა ოკუპაციის დარბაზი, მე-4 სართული (შ. რუსთაველის გამზირი N 3).