წიგნის სახლ „ლიგამუსში“ მარიო ვარგას ლიოსას რომანის წარდგენა გაიმართება
19 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ მარიო ვარგას ლიოსას რომანის „ხუთი კუთხის“ წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, „ხუთი კუთხე“ მარიო ვარგას ლიოსას ბოლო, გახმაურებული რომანია. წიგნი პერუს ცხოვრების იმ პერიოდს აღწერს, როცა ქვეყანას დიქტატორი ფუხიმორი მართავდა და ტერორიზმი, მკვლელობები, ადამიანთა გატაცება და სხვა დანაშაულებები პერუელების ყოველდღიურობად იყო ქცეული.
რომანის გმირები ჩაბნელებულ ქვეყანაში, კომენდანტის საათისა და მთავრობის შანტაჟის პირობებში, მუდმივი შიშით ცხოვრობენ. ქვეყნის მდგომარეობის ფონზე ლიოსა პერუელი მილიონერების უზრუნველ ცხოვრებასა და ვნებებს ნატურალისტურად აღწერს.
„ხუთი კუთხე“, ავტორის აზრით, პერუს ისტორიის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.
კოლონიზაციის პერიოდში ეს უბანი ბოჰემური თავშეყრის ადგილი იყო, სადაც მუდამ მუსიკა ისმოდა და ცხოვრება ჩქეფდა, მაგრამ, დროთა განმავლობაში, ის ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად, ბოროტმოქმედების, მეძავებისა და ნარკოდილერების ბუდედ იქცა.
წიგნს მთარგმნელი მაკა გოგოლაშვილი და რედაქტორი თამარ ლონდარიძე წარადგენენ. წიგნის მეორე რედაქტორი ელზა ახვლედიანია.