მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

20 აპრილს, 13:00 საათზე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში,  გაიმართება  მსჯავრდებულთა მიერ დამზადებული თიხის ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ადამიანის უფლებათა ცენტრმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში  არტთერაპიის ოთხთვიანი პროექტი დაასრულა.
№5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში ადამიანის უფლებათა ცენტრისა და ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლებმა პროექტში მონაწილე მსჯავრდებულებს სერტიფიკატები გადასცეს.
პროექტი მოიცავდა თიხაზე მუშაობის პროგრამას, ადამიანის უფლებათა ცენტრის არტტრენერისა და ფსიქოლოგის მონაწილეობით. პროგრამაში მონაწილე მსჯავრდებულების შერჩევისას გათვალისწინებული იყო მათი ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობა, ქცევა და ინტერესი.
თიხაზე მუშაობა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს, მათ შორის – შშმ პირებს, ეხმარება, აითვისონ შრომითი, სახელოვნებო უნარები და გაუმკლავდნენ პატიმრობისგან გამოწვეულ სტრესს.
პროექტის ფარგლებში თიხის სპეციალისტმა პროექტის ბენეფიციარებს შეასწავლა თიხაზე მუშაობა – კერამიკული ნაკეთობების მომზადება და გამოწვა სპეციალურ ღუმელში. პროგრამაში მონაწილეობდა №5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულების სოციალური მუშაკი, რომელმაც ასევე შეისწავლა თიხაზე მუშაობა და პროექტის დასრულების შემდეგ, გაუძღვება არტთერაპიის კურსს.
პროექტის მიმდინარეობისას პენიტენციურ დაწესებულებას საჩუქრად გადაეცა თიხის გამოსაწვავი ღუმელი, თიხის ამოსაყვანი მოწყობილობა – დგინი, ერთი წლის სამუშაოსთვის სამყოფი თიხა, კერამიკული საღებავები და სხვა ნივთები, რაც საჭიროა არტთერაპიის ხანგრძლივი ვადით გასაგრძელებლად.
მისამართი: თბილისი, აკ. გახოკიძის 11ა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები