Check in Georgia-ს ფარგლებში „საქართველოს სინფონიეტა“ რეგიონებში კონცერტებს გამართავს

პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – „საქართველოს სინფონიეტა“ საქართველოს რეგიონებში კონცერტებს გამართავს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტი გულისხმობს კონცერტების ჩატარებას საქართველოს 5 სხვადასხვა რეგიონის 7 ქალაქში: თელავში, სტეფანწმინდაში, დუშეთში, რუსთავში, მცხეთაში, ქუთაისსა და ზუგდიდში.
თელავში, სტეფანწმინდაში, დუშეთში, რუსთავში, ქუთაისში და ზუგდიდში გამართულ კონცერტებში „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სამუსიკო სკოლების წარჩინებული მოსწავლეები. მათ საშუალება მიეცემათ, მსმენელის წინაშე წარდგნენ როგორც სოლისტები და როგორც კამერული ორკესტრის წევრები. მიიღებენ მნიშვნელოვან გამოცდილებას და გაიცნობენ ერთმანეთს.
კონცერტები გაიმართება: 23 აპრილს – სტეფანწმინდაში, 24 აპრილს – დუშეთში, 25 აპრილს – ზუგდიდში, 26 აპრილს – ქუთაისში, 27 აპრილს – თელავში და 4 მაისს – რუსთავში. კონცერტებზე შესრულდება როგორც ბაროკოს ეპოქის კომპოზიტორთა მუსიკა, ასევე მოცარტისა და სულხან ცინცაძის ნაწარმოებები.
16 აპრილს, პროექტი სტარტს აიღებს მცხეთაში, სადაც პირველად შესრულდება ბაროკოს ეპოქის მუსიკა ავთენტური ინსტრუმენტებით. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს გამოჩენილი გერმანელი მევიოლინე და დირიჟორი კრისტოფ მაიერი. იგი ბაროკოს ეპოქის მუსიკის ავთენტური შესრულების ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სპეციალისტია მთელ მსოფლიოში.
ასე რომ, 16 აპრილს, 19:30 საათზე, მცხეთის კულტურის ცენტრ „სვეტში“ „საქართველოს სინფონიეტა“ და კრისტოფ მაიერი ბაროკოს პერიოდის კომპოზიტორების: ჩ. ეივისონის, ფ. ბარსანტის, ა. ვივალდის, ფ. დურანტეს, უ. ბოისის, ტ. ალბინონისა და ჯ. ბ. სამარტინის ნაწარმოებებს შეასრულებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები