ირაკლი კობახიძე: ჩვენ მზად ვართ წავიდეთ ჩვენს საწინააღმდეგო ცვლილებაზე თუ ამაზე საპარლამენტო ოპოზიცია დაგვთანხმდება

„ბუნებრივია, იქნება ოპონირება ერთ კაციანი პარტიების მხრიდან. თუ გაუძლებს ამ წნეხს ესა თუ ის საპარლამენტო პარტია, ჩვენ შეგვიძლია წარმატებით შევცვალოთ კანონი. თუ ამ წნეხს ვერ გაუძლებენ პარტიები და არ წამოვლენ კონსესუსზე, დარჩება ის კანონი, რომელიც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არის ჩვენთვის ყველაზე მეტად მომგებიანი” ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში ცვლილებების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კონსულტაციები საპარლამენტო პარტიებთან, უცხოელი ექსპერტების ჩართულობით, უკვე გაიმართა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ დღეს მოქმედი კანონი, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ შეიქმნა, ყველაზე მომგებიანი მმართველი პარტიისთვისაა, თუმცა, მმართველი გუნდი მზად არის სისტემის  გაჯანსაღებისთვის.

„ჩვენ უკვე გვქონდა კონსულტაციები საპარლამენტო პარტიებთან, მათ შორის უცხოელი ექსპერტების ჩართულობით ამ საკითხთან დაკავშირებით და იქ ძალიან მკაფიოდ განვაცხადე ერთი რამ: დღევანდელი კანონი ყველაზე მომგებიანი არის მმართველი პარტიისთვის. თავის დროზე, ეს წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი კანონია, რომელიც მორგებული იყო მაშინ „ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებზე. მაშინ ხელისუფლებას აწყობდა და დღესაც აწყობს ის, რომ ჰქონდეთ პოლიტიკური ფული არა რეალურ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ჯიბის ფული ქონდეს ერთკაციან პოლიტიკურ პარტიებს. ეს არის მომგებიანი „ქართული ოცნებისთვის”. ამის მიუხედავად, ჩვენ მზად ვართ, რომ წავიდეთ გაჯანსაღებაზე ამ სისტემის, რაც ნიშნავს იმას, რომ რეალური პოლიტიკური პარტიები ასეთ შემთხვევაში მიიღებენ ბევრად მეტ ფულს ვიდრე ისინი იღებენ დღეს. ანუ, დაკონცენტრირდეს, შეიძლება, დაფინანსება რეალურ პოლიტიკურ პარტიებზე, რაც ნიშნავს ჩვენთვის იმას, რომ ჩვენ ვაძლიერებთ საკუთარ პოლიტიკურ ოპონენტებს. ჩვენ მზად ვართ ამაზე წავიდეთ, თუმცა, ბუნებრივია, იქნება ოპონირება ერთ კაციანი პარტიების მხრიდან თუ გაუძლებს ამ წნეხს ესა თუ ის საპარლამენტო პარტია, ჩვენ შეგვიძლია წარმატებით შევცვალოთ კანონი. თუ ამ წნეხს ვერ გაუძლებენ პარტიები და არ წამოვლენ კონსესუსზე, დარჩება ის კანონი, რომელიც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არის ჩვენთვის ყველაზე მეტად მომგებიანი.

შეგვიძლია არაფერი არ შევცვალოთ ამ კანონში. ამ შემთხვევაში ჯიბის ფული დარჩება, მაგალითად, ჯოჯუას პარტიას, კაკო ასათიანის პარტიას. ეს არის ერთკაციანი პარტიები. ედპ-ს- ასევე, რამდენი კაცია დარჩენილი ამ პარტიაში აღარ ვიცი, თუმცა რეალურად, ჯანსაღი პარტიული დაფინანსების სისტემა არ ჩამოყალიბდება. ანუ, ეს იქნება რეალობა. ჩვენ მზად ვართ წავიდეთ ჩვენს საწინააღმდეგო ცვლილებაზე თუ ამაზე დაგვთანხმდება საპარლამენტო ოპოზიცია”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, დაფინანსების ფორმულა უნდა გამარტივდეს.

„ჩემი პირადი აზრი არის ის, რომ მაქსიმალურად უნდა გამარტივდეს ფორმულა. არის არაერთი ელემენტი ჩადებული ფორმულაში, რომელიც არის სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე გათვალისწინებული კანონში. მაგალითად, ფრაქციების კომპონენტი. თავის დროზე იყო კოალიციაში რამდენიმე პარტია, „ქართულ ოცნებაში” ასევე იყო რამდენიმე ოპოზიციური პარტია. მათ ჰქონდათ საერთო ინტერესი, რომ გაეზარდათ საკუთარი დაფინანსება. ეს იყო სუბიექტური ინტერესი და შესაბამისად, დაემატა სამასი ათასიანი ფრაქციული კომპონენტი პარტიების დაფინანსებას, რაც არის მახინჯი ელემენტი პარტიების დაფინანსებაში. საბაზისო, მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს, ზოგადად, გათვალისწინებული, გამომდინარე იქედან, რომ ის პროპორცია უნდა არსებობდეს- გამარჯვებული პარტიის საწინააღმდეგოდ დაფინანსების სისტემაში, ანუ მცირე პარტიებს უნდა შეექმნათ გარკვეული ფორა უფრო წარმატებულ პარტიებთან შედარებით. ამიტომ, არის საჭირო საბაზისო ელემენტის გათვალისწინება, თუმცა ეს შეიძლება გაკეთდეს როგორც კლასიკური საბაზისო ელემენტით, ასევე იმის ხარჯზე, რომ შეიძლება, ხმების პირველი, ასე ვთქვათ, სეგმენტისთვის გამოიყოს უფრო მაღალი დაფინანსება თითოეული ხმისათვის”,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები