მამუკა ბახტაძე: ჩვენთვის დიდი პატივია, რომ „მაიკროსოფტმა“ მიიღო გადაწყვეტილება, შეუერთდეს ჩვენს მიერ შექმნილ კონსორციუმს

ჩვენთვის დიდი პატივია, რომ მსოფლიოს ლიდერმა აიტი კომპანიამ „მაიკროსოფტმა“ მიიღო გადაწყვეტილება, შეუერთდეს ჩვენს მიერ შექმნილ კონსორციუმს და ერთობლივი ძალისხმევით განვავითაროთ საქართველოში ციფრული ეკონომიკა – შესაბამისი განცხადება ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტექნოპარკში გააკეთა, სადაც „ციფრული აბრეშუმის გზის“ პროექტის განხორციელებაში ხელშეწყობის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და კომპანია „Microsoft”-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეს მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების უმნიშვნელოვანეს ნაწილს ციფრული კომპანიები შეადგენენ.
„ცოტა ხნის წინ, ჩვენ ზუსტად ამ დარბაზში, – ტექნოპარკში წარვადგინეთ „ციფრული აბრეშუმის გზის“ ინიციატივა, დღეს კი ამ პროექტის განხორციელებისთვის კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს ვდგამთ.“ერთი სარტყელი-ერთი გზის” ფარგლებში ამ პროექტს უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება, შედეგად კი საფუძველს უყრის ინფრასტრუქტურულ განვითარებასა და მეტ ეკონომიკურ ზრდას.
დღეს მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების უმნიშვნელოვანეს ნაწილს ციფრული კომპანიები შეადგენენ. კომპანიები, რომლებიც განსაზღვრავენ მსოფლიოს ხვალინდელ დღეს.
ჩვენთვის დიდი პატივია, რომ მსოფლიოს ლიდერმა აიტი კომპანიამ „მაიკროსოფტმა“ მიიღო გადაწყვეტილება, შეუერთდეს ჩვენს მიერ შექმნილ კონსორციუმს და ერთობლივი ძალისხმევით განვავითაროთ საქართველოში ციფრული ეკონომიკა.
თავად ის ფაქტი, რომ ასეთი გიგანტი კომპანიები ინტერესდებიან საქართველოში მსგავსი პროექტების განხორციელებით, არის ნათელი დასტური იმისა, თუ რა უნიკალური შესაძლებლობა აქვს ქვეყანას, რომ გახდეს ციფრული ეკონომიკის ჰაბი მთელს რეგიონში.
მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო „მაიკროსოფტს“ ასეთი მასშტაბური მხარდაჭერისთვის!
ამ პროექტის განხორციელებით მოხდება ქართული მხარის მაქსიმალური ჩართულობა და სტარტაპები გახდებიან ამ პროექტის მამოძრავებელი ბირთვი! განვითარებულ მსოფლიოში სტარტაპები არიან ეკონომიკის ყველაზე საინტერესო კომპონენტები. სულ რამდენიმე წლის წინ Uber-იც სტარტაპი იყო, რომელმაც 5 წლის განმავლობაში დაახლოებით 12 მილიარდი დოლარი მოიზიდა. ასე რომ, შეიძლება ამ ოთახში მომავალი მილიარდელებიც კი გვესწრებით!
ჩემი ამოცანაც სწორედ ამას უკავშირდება. მინდა, რომ მაქსიმალურად ხელი შეგიწყოთ განვითარებაში და არ მსურს ელემენტარული შანსი არ მოგეცეთ და თქვენი იდეები უბრალოდ გაქრეს და არ განხორციელდეს.
ჩვენი დღევანდელი შეხვედრა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროცესში. როგორც ბევრმა თქვენგანმა უკვე იცის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს მსოფლიო ეკონომიკაში უპრეცენდენტო ინიციატივა, მცირე და საშუალო მეწარმეთათვის ახალი საგადასახადო რეფორმის დამტკიცების პროცესი. ამ იდეის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში შევხვდით მცირე მეწარმეებს. შეხვედრებისას მოვისმინეთ ბევრი მცირე ბიზნესის წარმომადგენელის აზრი და პრობლემა, ერთი რამ ნათლად გამოიკვეთა, გვაქვს საწყისს კაპიტალთან წვდომის მასიური პრობლემა.
დიახ, კაპიტალთან წვდომა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ეკონომიკის დივერსიფიკაციისთვის, დივერსიფიკაცია კი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი პროცესია. მრავალფეროვანი ეკონომიკა ქმნის მდგრად ციკლს ჯანსაღი ეკონომიკური აქტივობისთვის, სადაც ბიზნესებს აქვს საშუალება გამოკვებონ ერთმანეთი და ერთად გაიზარდონ, რაც შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკაზეც პოზიტიურად აისახება.
ჩვენ ხომ ვიცით, რაც უფრო მეტ მეწარმეს ექნება ზრდის საშუალება, მეტ ინდუსტრიას მიეცემა განვითარების შანსი. რაც უფრო მეტი თქვენგანი შეძლებს განავითაროს საკუთარი უნარები და წამოიწყოს წარმატებული ბიზნესი, მით უფრო მეტად შემცირდება მასიური გადინება ინტელექტუალური და ეკონომიკურად აქტიური მოქალაქეების, რომელიც საქართველოსთვის ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს. თქვენ,ჩვენს ეკონომიკაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეები ხართ და სახელმწიფო მთელი რესურსით უნდა იყოს კონცენტრირებული თქვენს განვითარებასა და შენარჩუნებაზე!
ამიტომაც, მინდა დიდი მადლობა გითხრათ სტარტაპებს, მეწარმეებს, დამწყებ ბიზნესმენებს, რადგანაც თქვენ, ქალბატონებო და ბატონებო, ხართ მიზეზი რატომაც ბევრ ადამიანს აქვს სამსახურის პოვნის პერსპექტივა და საშუალება. თუმცა, იმისთვის რომ უფრო მეტნი იყოთ, შეგეძლოთ გაფართოება და მეტი სამუშაო ადგილის შექმნა, ჩვენი მხრიდანაც საჭიროა უფრო მეტი მხარდაჭერა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები