დავით უსუფაშვილი: საქართველო ევროპის სრულფასოვანი წევრი გახდება

საქართველო ევროპის კარიბჭესთან დგას და დარწმუნებული ვარ შევძლებთ ამ კარის შეღებას და საქართველო ევროპის სრულფასოვანი წევრი გახდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
“ეს არ არის ევროპის, როგორც გეოგრაფიული არეალის დღე. ეს არის ევროპის, როგორც ღირებულებების დღე. ჩვენ ვზეიმობთ მას ევროპის სახელმწიფოებთან და ევროპელ მოქალაქეებთან ერთად როგორც მშვიდობის დღეს. ჩვენ ვზეიმობთ თანასწორობის დღეს, კანონის უზენაესობის დღეს, ეკონომიკური წინსვლის დღეს, ტოლერანტობის დღეს, სტაბილურობის დღეს, სოლიდარობის დღეს. სწორედ ამ ღირებულებების გამოა ევროპა ის ადგილი, რომლისკენაც საქართველო მიისწრაფვის. ეს ღირებულებები მხოლოდ ევროპის ღირებულებები არ არის, ის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებია, მაგრამ ევროპა არის ის ადგილი, სადაც ყველაზე კარგად ხდება ამ ღირებულებების ცხოვრებაში გატარება. ამიტომ მიისწრაფვის საქართველო, ერთის მხრივ, თავისი ფესვებისკენ და მეორეს მხრივ, იმ სისტემისკენ, იმ ინსტრუმენტებისკენ, რომელიც ჩვენს ღირებულების ფესვებს რეალობად აქცევს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება სრულიად ევროპა ერთნაირად არის შეშფოთებული.
“ყველასთან ერთად ეს ფაქტი იმაზეც მეტყველებს, რომ ევროპა ვერ იქნება სტაბილური და ევროპა ვერ იქნება ევროპა, თუ დანარჩენი მსოფლიო არ გახდება სტაბილური და მშვიდობანი. ჩვენ, საქართველო, ქართველი ხალხი ჩვენს ევროპელ მეგობრებს გთავაზობთ თანამშრომლობას, პარტნიორობას, სოლიდარობას ამ რთულ პერიოდში, რაც სასარგებლო იქნება საქართველოსთვის და ევროპისთვისაც”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტში ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიხსნა. ღონისძიების გახსნაში მონაწილეობა მიიღო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა, გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა ნილ სკოტმა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა.
დღევანდელ ღონისძიებაზე პარლამენტის თავმჯდომარემ წარადგინა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივითა და UNDP-ის საპარლამენტო პროექტის ხელშეწყობით მომზადებული საქართველო-ევროკავშირის შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განმარტებითი ვიდეორგოლები. ეს არის სამწუთიანი ვიდეორგოლი, რომელიც ასევე ითარგმნება სომხურ, აზერბაიჯანულ, აფხაზურ და ოსურ ენებზე. ისინი განთავსდება როგორც პარლამენტის ვებსაიტზე და სოციალურ მედიაში, ასევე გავა საზოგადოებრივი მაუწყებლის და რეგიონული ტელევიზიების ეთერში. დავით უსუფაშვილმა წარადგინა ასევე სასკოლო კონკურსი – “ჩემი წერილი ევროპას” 14 გამარჯვებული და მათ სამახსოვრო სიგელები გადასცა. თითოეულ გამარჯვებულს UNDP-ისაგან გადაეცემა წიგნის მაღაზიის 50 ლარიანი ვაუჩერი და სამახსოვრო ბანერი, ხოლო ევროკავშირის დელეგაციისაგან ზურგჩანთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები