მართლმადიდებლური სამყარო დღეს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს

7 აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, ხარებას აღნიშნავს. რამდენადაც ხარება დაკავშირებულია ქრისტეს დაბადებასთან, ის აღიქმება როგორც კაცობრიობის ხსნის დასაბამი.
უფალმა იესო ქრისტეს შობამდე დიდი ხნით ადრე აღუთქვა კაცობრიობას, რომ მხსნელს, მესიას მოუვლენდა, რომელსაც შობდა ქალწული და უწოდებდა სახელად ემანუელს, რომელიც ითარგმნება როგორც „ჩვენთან არს ღმერთი”.
სახარების მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზმა 7 აპრილს ახარა ქალწულ მარიამს, რომ ის შობდა იესო ქრისტეს. ამ დღეს ღვთისმშობელთან ერთად, მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისათვის ვერ გაიმეტა და ეშმაკის მონობისაგან მისი გამოხსნა გადაწყვიტა.
ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა ეკლესია–მონასტერში საზეიმო წირვა–ლოცვა აღევლინება.
დღეს, ხარების დღესასწაულზე, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქალაქ მცხეთის კურთხევის ცერემონია  გაიმართება და საზეიმო ლიტურგია ჩატარდება. ლიტურგიის შემდეგ კი საზეიმო მსვლელობა გაიმართება,  მსვლელობის დროს, მთელ ქალაქს ნაკურთხ წყალს ასხურებენ.
ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, დიდმარხვის ეს დღე მორწმუნეებისთვის თევზით ხსნილია.
დიდმარხვა წელს 19 თებერვალს დაიწყო და 8 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები