“მამუკა ბახტაძემ შეძლო საგადასახადო რეფორმებთან დაკავშირებით ბევრი და პრინციპული გადაწყვეტილება მიეღო”
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი ფინანსთა მინისტრის ახალ ინიციატივებს ეხმაურება, რომელიც გუშინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის სხდომაზე, მთავრობის წევრებს გააცნო.
ექსპერტი ანდრია გვიდიანი ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს, ბოლო დროის ერთ-ერთ რეფორმატორ მინისტრად აფასებს და აცხადებს, რომ სწორედ მამუკა ბახტაძემ შეძლო საგადასახადო რეფორმებთან დაკავშირებით ბევრი და პრინციპული გადაწყვეტილება მიეღო.
ანდრია გვიდიანის შეფასებით, მთავრობის გუშინდელ სხდომაზე, მამუკა ბახტაძის მიერ მომზადებული ახალი ინიციატივები, მნიშვნელოვნად წაახალისებს მწირე მეწარმეობის წარმოებას.
ამასთან, მისივე თქმით, შეამცირებს აქამდე არსებულ ბიუროკრატიულ მექანიზმებს და საქართველოში მოქმედ საბანკო სისტემას მნიშვნელოვნად წაახალისებს.
„ზოგადად უნდა აღინიშნოს ფინანსთა სამინისტროსა და მინისტრის დამოკიდებულება მეწარმეობასთან დაკავშირებით, მათი ინოვაციური ელემენტების შემოღება. ის რეფორმატორული სულისკვეთება, რომელიც ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს გააჩნია, არის ერთმნიშვნელოვნად მისასალმებელი. ვფიქრობ, ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე რეფორმატული მინისტრია, რომელმაც საგადასახადო რეფორმებთან დაკავშირებით, ბევრი და პრინციპული გადაწყვეტილების მიღება შეძლო.
რაც შეეხება ამ ახალ ინიციატივებს, უნდა აღინიშნოს, რომ ის მნიშვნელოვნად წაახალისებს მწირე მეწარმეობის წარმოებას, საგადასახადო რეფორმებთან დაკავშირებით. რაც შეეხება უშუალოდ ამ ინიციატივებს, იყო პრობლემები ინდმეწარმეებისგან საქონლის გაყიდვასთან დაკავშირებით, სხვადასხვა შპს – ები შეგნებულად არ ყიდულობდნენ ინდმეწარმეებისგან საქონელს და ახალი ინიციატივა მნიშვნელოვნად გამოასწორებს ამ მიდგომას. ის ბიუროკრატიული ბარიერები, რომლებიც იყო ამ მიმართულებით, ხელისშეშლის მეტს არაფერს აკეთებდა და სწორედ ახალი ინიციატივა ცხადყოფს, რომ ფინანსთა სამინისტრო არის ბიუროკრატიული სისტემის შემცირების ერთ -ერთი ინიციატორი, რაც თავის მხრივ, არის დადებითი ფაქტორი.
რაც შეეხება კიდევ ერთ ინიციატივას, რომელსაც ცაკლე გამოვყოფდი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია საფინანსო ჰაბის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, რაც გულისხმობს საქართველოში უცხოური შპს-ების დარეგისტრირებას, რასაკვირველია ეს, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება უცხოური კომპანიების მოზიდვის თვალსაზრისით, ახალი ინვესტიციების მოსაზიდად.
გარდა ამისა, ჩვენი საბანკო სისტემისთვის იქნება მნიშვნელოვნად წამახალისებელი. ის ტრანზაქციები, რომლებსაც უცხოელი ინვესტორი საქართველოში მოქმედი ბანკის გავლით განახორციელებს, იქმნება ძალიან მნიშვნელოვანი საბანკო სექტორის განვითარებისთვის, რაც ძალიან მისასალმებელია.“ – განაცხადა ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ანდრია გვიდიანმა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გუშინდელ სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამ ახალ ინიციატივაზე ისაუბრა.
„პირველი ინიციატივით, მეწარმე თავისუფლდება ზედმეტი ბიუროკრატიული პროცედურებისგან და ნაცვლად ხუთი საგადასახადო დოკუმენტისა, რომელიც დღეს დგება მეწარმის მიერ, ერთი გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტი იქნება. ამით ჩვენს მეწარმეებს მოეხსნებათ უზარმაზარი ბიუროკრატიული ტვირთი, რომ დოკუმენტთბრუნვაში არ დახარჯონ იმდენი რესურსი, რამდენსაც დღეს ხარჯავენ; მეორე – ჩვენი პრიორიტეტია, საქართველოში მოხდეს ეკონომიკური ზრდა, რაშიც მაქსიმალურად იქნება ჩართული ჩვენი მოსახლეობის ყველა ფენა, განსაკუთრებით, დაბალშემოსავლიანი. სულ არის განცდა, რომ როდესაც მაგალითად, მთიან რეგიონებში იხსნება სასტუმროები, თუ ახალი სავაჭრო წერტილები, იქ ნაკლებად ხვდება ადგილობრივი პროდუქცია და ძალიან ხშირად პროდუქციის ჩატანა ხდება თბილისიდან თუ სხვა რეგიონული ცენტრებიდან. ამიტომ იმისათვის, რომ წავახალისოთ შესყიდვები ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ნაწარმოები კვების პროდუქტებზე, მაქსიმალურად ვამარტივებთ პროდუქციის შესყიდვას ადგილობრივი მეწარმეებისგან, სოფელში მცხოვრები ადამიანებისგან და მცირე ფერმებისგან, როგორც საგადასახადო, ასევე პროცედურული კუთხით. მოგეხსენებათ, რომ განსაკუთრებით მთიან რეგიონში ევროპაში ძალიან ხშირად გვხვდება ადგილობრივი ნაწარმი“ – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება მესამე ინიციატივას, პრემიერ-მინისტრის თქმით, იგი არარეზიდენტი პირების მიერ საქართველოში კომპანიების ონლაინ რეგისტრაციას გულისხმობს.
„ეს ინიციატივა საშუალებას მისცემს უცხოელ ინვესტორებს, ონლაინ რეჟიმში დაარეგისტრირონ კომპანიები ჩვენს ქვეყანაში, გახსნან ანგარიშები ჩვენს საბანკო სისტემაში, ასევე, ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ კომპანიის მართვა ფიზიკურად მათი აქ ყოფნის გარეშე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინიციატივა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ახალი შემოსავლის წყარო ჩვენი ქვეყნისთვის და საშუალებას მოგცემს, კიდევ უფრო მეტად მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება როგორც საერთაშორისო ფინანსური ცენტრისა არამხოლოდ რეგიონში, არამედ მის მიღმა“, – განაცხადა პრემიერმა.