ფრანგი მამაკაცი ყოფილ შეყვარებულთან 4,5 ათასი „სმს“-ის გაგზავნის გამო დააპატიმრეს
საფრანგეთში მცხოვრებ მამაკაცს ერთწლიანი პატიმრობა იმის გამო მიუსაჯეს, რომ მან საყვარელ ქალს, დაშორების შემდეგ, 4,5 ათასი ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა. ამის შესახებ ფრანგული მედია იუწყება.
წყვილი ერთმანეთს თითქმის ორი წელი ხვდებოდა, თუმცა შემდეგ დაშორდნენ. მიტოვებულმა მამაკაცმა, რომელიც ბუნებით ეჭვიანი იყო, ასეთ დარტყმას ვერ გაუძლო. სატელეფონო ამონაწერებით დგინდება, რომ მან რამდენიმე თვის განმავლობაში 416-ჯერ დაურეკა ყოფილ შეყვარებულს, გაუგზავნა 317 mms და 4252 ტექსტური შეტყობინება.
ამას გარდა, ის ქალთან, ღამით სახლშიც მივიდა, საწოლში დააწვინა და ხელებს უკავებდა, რათა მას პოლიციაში არ დაერეკა.
დაკავებულმა მამაკაცმა სასამართლოს განუცხადა, რომ „ის ჩემთვის იყო შექმნილი. მე მორწმუნე ვარ, ის 25 დეკემბერს დაიბადა, როგორც იესო ქრისტე. ის ჩემსავით ცაციაა. მე მისით მოხიბლული ვიყავი“. მისი განმარტებით, გრძნობებს ვერ აკონტროლებდა. 1-წლიანი პატიმრობის გარდა, მოსამართლემ მას ყოფილ შეყვარებულთან მიახლოება აუკრძალა და ბიპოლარული აშლილობის მკურნალობაც დაუწესა.