რუმინეთში, მიკროავტობუსის მდინარეში გადავარდნის შედეგად, ცხრა ადამიანი დაიღუპა
რუმინეთში, მდინარე ბისტრიცაში, მიკროავტობუსი გადავარდა, რის შედეგადაც ცხრა ადამიანი დაიღუპა.
რუმინული მედიის ცნობით, ინციდენტი გვიან ღამით მოხდა. მიკროავტობუსის მდინარეში ვარდნის შემდეგ, ნაპირზე გამოსვლა მხოლოდ ერთმა მგზავრმა შეძლო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. რვა დაღუპულის ცხედრის პოვნა მაშველებმა მალევე შეძლეს, ხოლო კიდევ ერთი ადამიანი რამდენიმე საათი დაკარგულად ითვლებოდა, თუმცა, მოგვიანებით ისიც გარდაცვლილი იპოვეს.
ამ დროისთვის, პნევმატური ნავების და მყვინთავების დახმარებით, ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს.
როგორც ადგილობრივი სამართალდამცველები აცხადებენ, მიკროავტობუსი არ იყო განკუთვნილი ადამიანების გადასაყვანად, მასში სახელდახელოდ მოწყობილი სკამები იყო. ირკვევა, რომ კერძო საწარმოს ხელმძღვანელობას, მსგავსი მეთოდით გადაჰყავდა სატყეო მეურნეობის მუშები ერთი რაიონიდან მეორეში, რათა ისინი სააღდგომოდ სახლებში დაბრუნებულიყვნენ.